logo_geo
20 წლის ორსული გოგონა ქუჩაში გააგდეს: ბავშვის მამამ მასთან მიახლოებაც კი ამიკრძალა
- +

24 ოქტომბერი. 2019. 02:30

 

 

20 წლის გორელი გოგო, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა, დედამ იმის გამო გამოაგდო სახლიდან, რომ შეყვარებულისგან დაფეხმძიმდა. ორსულობის ამბის გაგების შემდეგ, შეყვარებულმა მიატოვა, ბავშვის მამობაზეც უარი თქვა და გოგონას თქმით, მასთან მიახლოებაც აუკრძალა.

მძიმე სოციალური და ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო, თვითმკვლელობაც სცადა, თუმცა დამ დროულად მიუსწრო და გადაარჩინა. გოგონა დახმარების თხოვნით “რეგიონულ კვირას” დაუკავშირდა, იმედით, რომ საკუთარი ისტორიის მოყოლის შემდეგ, მისი ცხოვრება უკეთესობისკენ მცირედით მაინც შეიცვლება. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე და გოგონას უსაფრთხოების მიზნით, სტატიის ავტორი მის ვინაობას არ ამხელს. 

 

გოგონას შიშს ფონზე, მეტყველების პრობლემა 8 წლის ასაკში  დაეწყო, მალე  შეზღუდული შესაძლებლობა დაუდგინდა. ორსულობის 8 თვის განმავლობაში გოგონა მხოლოდ ერთხელ იყო ექიმთან, შესაბამისად , რამდენად ჯანმრთელი იქნება მისი შვილი, არ იცის. დედისგან უარყოფილს დროებითი თავშესაფარი საკუთარმა დამ მისცა, რომელიც ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად, გორში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს.

 

ნაქირავები ბინა პატარაა და ყველა ვერ ვეტევით. ხანდახან დასარჩენად უცხო ხალხთან მივდივარ. გუშინწინ ერთი გოგო გავიცანი მაღაზიაში და იმან შემომთავაზა თავისთან დარჩენა, ორი ღამე იქ გავატარე. ჩემი შემოსავალი მხოლოდ პენსიაა – 145 ლარამდე, მაგრამ რაღაც პერიოდია ვერ ვიღებ. ჩემი დისშვილი ავად იყო, ფილტვების ანთება ჰქონდა და წინსწრებით, რამდენიმე თვის ერთდროულად გამოვიტანე. მინდა,  ჩემი შვილი ჩემთან იყოს და მე გავზარდო, მაგრამ სად ვიცხოვროთ არ ვიცი, ან რა ვაჭამო, ან როგორ გავზარდო – არ ვიცი. ჩემმა უშვილო ნათესავმა 5 000 დოლარი შემომთავაზა და ბავშვის მისთვის გადაცემა მთხოვა. როგორ გავყიდო ჩემი ჯერარდაბადებული შვილი, სხვას როგორ მივცე“, - ამბობს გოგონა.

 მისივე თქმით, შეყვარებულმა მისი ორსულობის შესახებ რომ გაიგო, მასთან მიახლოება აუკრძალა, მობილურის ნომერი შეცვალა და გამოუცხადა – „ბავშვი ჩემი არა არისო“.  

თავიდან ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, როდესაც გავიგე, რომ ბავშვს ველოდებოდი, წამლები დავლიე, ჩემს შვილთან ერთად მინდოდა თავის მოკვლა, მაგრამ, სამწუხაროდ, გადავრჩი.  არ მინდა, უპატრონო ბავშვთა თავშესაფარში ჩავაბარო. ჩემი და ყოველ დღე მეუბნება, რომ მეც და ჩემს შვილსაც ვერ გვიპატრონებს და მასთან სახლშიც ვერ ვიქნებით. მთელი ამ ხნის განმავლობაში წესიერი საჭმელიც არ მქონია. ხან პურზე და წყალზე გადამივლია. მივმართავ ხალხს, მთავრობას, გთხოვთ, დამეხმარეთ. ერთი ოთახი მაინც რომ მქონდეს, თავშესაფარი გვექნებოდა მე და ჩემს შვილს, გასაშვილებელად ვერ ვიმეტებ, მით უმეტეს, თანხის სანაცვლოდ”, – ამბობს გოგონა.

 

მომავალი დედის  დახმარების მსურველებს შეუძლიათ მედიაჰოლდინგ “კვირას” დაუკავშირდნენ საკონტაქტო ნომერზე ან ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი