logo_geo
გიორგი ბაბუნაშვილი: მეტროში ასეთი მგზავრთნაკადი, 90-იან წლებში იყო, როცა თბილისში, მეტროს გარდა სხვა ტრანსპორტი არ მუშაობდა
- +

25 ოქტომბერი. 2019. 20:45

 

 

არასამთავრობო ორგანიზაცია “ურბანული ლაბორატორიის” ხელმძღვანელ გიორგი ბაბუნაშვილის მოსაზრებით, თბილისის მეტროსადგურებში მგზავრთნაკადის ზრდის მიზეზი არ არის ტაქსის მომსახურების ტარიფები და არც ქალაქის ქუჩებში მიმდინარე საგზაო სამუშაოები. თბილისის მეტროთი დღეში 485 000 ადამიანი მგზავრობს, ასეთი მაჩვენებელი ძალიან ახლოსაა XX საუკუნის 90-იანი წლების მაჩვენებელთან, როცა ქალაქში მხოლოდ მეტრო მუშაობდა და სხვა ტრანსპორტი არ იყო.

მისი თქმით, თბილისის მიწისქვეშა ტრანსპორტით მოსარგებლეთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, განსაკუთრებით 2016 წლის შემდეგ. ამას ხელი შეუწყო სადგურ “სახელმწიფო უნივერსიტეტის” გახსნამაც. მაღლივ კორპუსში მიმავალი სტუდენტებისთვის მეტრო საკმაოდ მიმზიდველი ტრანსპორტი გახდა. შედეგად, 2016 წელთან შედარებით, მგზავრთნაკადი 20%-ით გაიზარდა.

როგორც გიორგი ბაბუნაშვილი აცხადებს, ყოველწლიური მატების გარდა, მეტროში მუდმივად იყო სეზონური მატებაც. ზაფხულში ნაკადი იკლებს და სასწავლო წლის დაწყებისას იმატებს. წლიური მგზავრთნაკადის მატების ფონზე სეზონურმა მატებამ გამოიწვია ის, რომ მგზავრთნაკადმა მიაღწია ისეთ ნიშნულს, როგორიც გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისიდან დღემდე არ ყოფილა.  

მისივე თქმით, მგზავრთა სეზონური მატება დეკემბრის ბოლოს დაიკლებს, ხოლო თებერვლიდან კვლავ დაიწყებს მომატებას. ივნისში მატება შეწყდება. ზაფხული და სექტემბრის პირველი ნახევარი კვლავ შედარებით ნაკლებად დატვირთული იქნება.

"მეტროს ახალი ვაგონები ემატება – ეს პროცესი ჯერ არ დასრულებულა და ფიზიკურად ვერ მოესწრება იმაზე სწრაფად, ვიდრე ახლა მიმდინარეობს. სხვა არჩევანი არ გვაქვს, უნდა დაველოდოთ. მეტროს მთელი რეზერვი, 29 ვაგონი გადის კაპიტალურ რემონტს და ექსპლუატაციას უბრუნდება. საბურთალოს ხაზი ​ ოთხვაგონიან მატარებელზე გადადის და პირველ ხაზსაც, რამდენიმე მატარებელი ემატება. გარდა ამისა, მზადდება სატენდერო დოკუმენტაცია და ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის მხარდაჭერით, გამოცხადდება ტენდერი 40 ახალი ვაგონის ანუ 10 სრულიად ახალი მატარებლის შესყიდვაზე. ნაწილი მათგანი დაემატება არსებულ ვაგონებს და ნაწილის ჩაანაცვლებს იმათ, რომლებიც 1974-1977 წლებშია გამოშვებული და რემონტის შედეგადაც ვეღარ ფუნქციონირებენ გამართულად.

დღეს მეტრო არის ახლოს იმ ზღვართან (500-520 ათასი მგზავრი),  რის შემდეგაც გადატვირთულობა კრიტიკულ ზღვარს აღწევს. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი რეალობა საკმაოდ მძიმე სანახავია, სუფთა მათემატიკური თვალსაზრისით, ეს ჯერ კიდევ არ არის კრიტიკული. თუმცა, სასიხარულო ისაა, რომ სანამ ნაკადი 520 ათასს მიაღწევს, მანამდე ჩვენ დავასწრებთ და ვაგონების რაოდენობას გავზრდით ისე, რომ, დაახლოებით, ერთ წელიწადში ასეთი პრობლემა არ გვექნება და 2021 წლის ბოლოს, როცა ორმოცივე ვაგონი დაგვემატება, პრობლემა მოიხსნება. ამავდროულად, გადახალისდება მიწისზედა ტრანსპორტი და დაგვემატება ავტობუსებიც”, – აღნიშნავს გიორგი ბაბუნაშვილი.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი