logo_geo
2 ნოემბერი მამა გაბრიელის ხსენების დღეა
- +

2 ნოემბერი. 2019. 15:54

 

 

დღეს, 2 ნოემბერს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ღირსი მამა გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს აღნიშნავს.

 

მამა გაბრიელი ერთ-ერთი იშვიათთაგანი იყო, ვინც კომუნისტების დროს ბერად აღიკვეცა და ააშენა ეკლესია.1965 წელს 1 მაისს კომუნისტური აღლუმის დროს დაწვა ლენინის 12-მეტრიანი პორტრეტი. დაკითხვაზე მამა გაბრიელმა განაცხადა: „იქ უნდა ეკიდოს ქრისტეს ჯვარცმა, და არა ლენინის სურათი. კაცს რად უნდა დიდება. უნდა ეწეროს: დიდება ქრისტე ღმერთს“. კრემლიდან გაიცა ბრძანება ბერის გაუსამართლებლად დახვრეტის შესახებ, რაც შემდეგ შეიცვალა უზენაესი სასამართლოს 1965 წ. 3 აგვისტოს განჩინებით. მამა გაბრიელი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას უკიდურესად არაჰუმანურად ეპყრობოდნენ...

 

მამა გაბრიელი სიცოცხლის ბოლო წლებში მცხეთის დედათა მონასტრის ტერიტორიაზე არსებულ, მეფე მირიან III კოშკში ცხოვრობდა. 1995 წელს ბერი წყალმანკით მძიმედ დაავადდა. გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე საქართველოს პატრიარქმა ილია II-მ გაბრიელ ბერი არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანა.

 

არქიმანდრიტი გაბრიელი 1995 წ. 2 ნოემბერს გარდაიცვალა. იგი ანდერძის მიხედვით, ბერ-მონაზვნური წესით, ჭილოფში გახვეული, მცხეთის დედათა მონასტრის სასაფლაოზე დაკრძალეს.

 

2012 წ. 20 დეკემბერს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინებით, არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე) წმიდანად შეირაცხა წმ. ღირსი მამა გაბრიელი აღმსარებელი-სალოსის სახელით. მისი ხსენების დღედ დაწესდა 2 ნოემბერი.

 

2014 წ. 22 თებერვალს გაიხსნა წმ. მამა გაბრიელის საფლავი. წმინდა ნაწილები სამთავროს დედათა მონასტრის ფერიცვალების ტაძარში გადაასვენეს, სადაც სასულიერო პირებმა პარაკლისი გადაიხადეს. ამის შემდეგ მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები სამთავროს ფერიცვალების ტაძრიდან სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, სადაც მოგვიანებით მიბრძანდა უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II, რომელმაც წმინდა ნაწილები მოილოცა.

 

2014 წ. 24 თებერვალს წმ. მამა გაბრიელის ნეშტი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრიდან თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში გადააბრძანეს, სადაც მრევლს საშუალება ჰქონდა, მოელოცა წმინდა ნაწილები.

 

2014 წ. 1 აპრილიდან წმ. მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები დაბრძანებულია მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტრის ფერიცვალების ეკლესიაში.

 

არქიმანდრიტი გაბრიელის სისხლი, რომელიც ექიმმა-ქირურგმა ზურაბ ვარაზაშვილმა აიღო ანალიზის ჩასატარებლად - დღემდე უხრწნელია. მამა გაბრიელის საფლავზე ჩაუქრობელი კანდელიდან აღებული ზეთი სასწაულებრივი კურნების თვისებით არის ცნობილი, როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ. ეს ფენომენი მეცნიერულად, დღემდე შეუსწავლელია.

 

საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ 2012 წლის 20 დეკემბერს მამა გაბრიელი წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 2 ნოემბერი დააწესა.

 

ცნობისთვის, მამა გაბრიელმა საკუთარი გარდაცვალების თარიღი იწინასწარმეტყველა.

 

 

big_banner
არქივი