logo_geo
ბიძინა ივანიშვილი: ჩემს გააქტიურებას პოზიტიურად გამოეხმაურა ქართული ბიზნესი და აბასთუმანში დღეს, „პარაგრაფთან“ ერთად, 5 ახალი მაღალი დონის სასტუმრო შენდება
- +

4 ნოემბერი. 2019. 13:42

 

 

„ჩემს გააქტიურებას პოზიტიურად გამოეხმაურა ქართული ბიზნესი და აბასთუმანში დღეს, „პარაგრაფთან“ ერთად, 5 ახალი მაღალი დონის სასტუმრო შენდება“, - განაცხადა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალ „Entrepreneur“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

 

მისივე თქმით, ეს სასტუმროებია: „რუმსი“, „რედისონი“, „ქრაუნპლაზა“, „რედიქს ჯგუფის“ ორი სასტუმრო. ასევე, შენდება საშუალო და პატარა ზომის რვა სასტუმრო და საცხოვრებელი აპარტამენტები. უკვე დაიწყო უნიკალური აბანოების აღდგენა, შენდება კაფეები, რესტორნები და სავაჭრო ობიექტები.

 

როგორც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, აბასთუმნის ჯამურმა ინვესტიციამ მილიარდ-ნახევარ ლარს მიაღწია.

 

„აბასთუმანში მხოლოდ ერთ სასტუმროს - „პარაგრაფს“ ვაშენებ. ამასთანავე, რა თქმა უნდა, სახელმწიფოსაც ვეხმარები დაწყებული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში. ყველაზე მძიმე იქ ტუბერკულოზის საავადმყოფოს პრობლემა იყო. უმძიმესი ავარიული ვითარება და უკიდურესი ანტისანიტარიის კერა, სადაც კედლების ღიობები ლეიბებით იყო ამოქოლილი, გამორიცხავდა რომელიმე კერძო ინვესტორის შესვლას. ამიტომ, პირველი რიგში, ამ პრობლემას მივხედე. ძალიან სწრაფად, ერთ წელიწადში ავაშენეთ ახალი საავადმყოფო. მის ადგილზე კი, იმ ძეგლის აღდგენას ვგეგმავ, რომელიც, ადგილობრივების გადმოცემით, აქ წლების წინათ იყო განთავსებული“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

მისი თქმით, მშენებლობის ეს ბუმი, სავარაუდოდ, ერთი წელი გაგრძელდება, ამასობაში ინფრასტრუქტურაც სრულად მოწესრიგდება.

 

„მე დავპირდი ადგილობრივ მოსახლეობას, რომ შევიძენ და დავურიგებ ელექტრომანქანებს. მუნიციპალური სერვისებისთვისაც კი ელექტრომანქანებს გამოვიყენებთ. ეს პროცესი 2021 წელს დასრულდება. ეს გახლავთ ის მოდელი, რომელიც ძალიან წარმატებული აღმოჩნდა აბასთუმანში. სწორად დაგეგმილმა და დაწყებულმა პროცესმა დიდი ბიძგი მისცა ახალ, კერძო ინვესტიციებს, რომლითაც ყველა მხარე, რაც მთავარია, ადგილობრივი მოსახლეობა, მოგებული რჩება. სწორედ ამ პოზიტიურმა გამოცდილებამ გამათამამა წყალტუბოს პროექტზე და, დარწმუნებული ვარ, აქაც აღმშენებლობის ძალიან სერიოზული პროცესი დაიწყება“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

 

big_banner
არქივი