logo_geo
ბიძინა ივანიშვილი: ჩვენს ტურისტულ პროექტებში ორი კომპონენტი - მოგების და მაღალი რენტაბელობის ამოცანები, არ არის დასახული ან მეორეხარისხოვნადაა მიჩნეული
- +

4 ნოემბერი. 2019. 14:35

 

 

„ჩვენს ტურისტულ პროექტებში  ორი კომპონენტი - მოგების და მაღალი რენტაბელობის ამოცანები, საერთოდ არ არის დასახული ან მეორეხარისხოვნად არის მიჩნეული“, - ამბობს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ჟურნალ „Entrepreneur“-თან ინტერვიუში.

 

მისი თქმით, მოგებაზე გასვლის ვადაც ხომ რენტაბელობის ერთ-ერთი მდგენელია. სწორედ ამიტომ ჩამოყალიბდა ცალკე სტრუქტურად „ტურიზმის განვითარების ფონდი“, რომელსაც „თანაინვესტირების ფონდის“ სხვა პროექტებისგან განსხვავებით, უშუალოდ მისი ოჯახი უწევს კოორდინირებას.

 

„მოგეხსენებათ, „თანაინვესტირების ფონდს“, რომელსაც სრულად ჩვენი ოჯახი აფინანსებს, ეფექტური მენეჯმენტი მართავს და ეს ფონდი, თავისი კუთხით, ძალიან სასარგებლო საქმიანობას ეწევა ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, რაზეც აქ დეტალურად არ შევჩერდები, მაგრამ მას, ძირითადად, სხვა სპეციფიკა აქვს და ბიზნესის უნივერსალური კრიტერიუმებით დასაბუთებულ პროექტებს ეხმარება. „ტურიზმის ფონდის“ პროექტები კი, სოციალურად ორიენტირებული და დაბალრენტაბელურია, რაც გარკვეულ დისკომფორტს უქმნიდა „თანაინვესტირების ფონდის“ მენეჯმენტს და ამიტომ გამოვაცალკევეთ. სხვათა შორის, ტურიზმის ცალკე მიმართულებად გამოყოფის იდეა ჩემს მეუღლეს, ეკას ეკუთვნის და დრომ აჩვენა, რომ ეს ოპტიმალური გადაწყვეტილება იყო“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

მისი თქმით, ანბანური ჭეშმარიტებაა, რომ სამეწარმეო საქმიანობის საბოლოო მიზანი - მოგებაა.

 

„ბიზნესის თვალსაზრისით, ის ინვესტიცია ითვლება ეფექტურად, რომელიც მაღალი რენტაბელობით გამოირჩევა და თუ რენტაბელობა მოკლე დროში იქნა მიღწეული, ინვესტიციის ეფექტურობის მაჩვენებელი საგრძნობლად იზრდება. ასეთია ბიზნესის შეფასების კრიტერიუმები და ეს თქვენ, ვინც ბიზნესზე წერთ, მშვენივრად იცით“, - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

 

 

big_banner
არქივი