„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მზადაა, დაინტერესებულ ბიზნესმენს ნებისმიერ ეტაპზე გადასცეს „პანორამა თბილისის“ პროექტი იმ შემთხვევაში, თუკი არსებული კონცეფციით და გეგმით ააშენებენ. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალ „Entrepreneur“-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„იმთავითვე გასაგებია, რომ ეს პროექტიც ვერ იქნება რენტაბელური მის თვითღირებულებასთან შედარებით. ამიტომ აქაც იგივე მიდგომა მაქვს: თუკი არსებული კონცეფციით და გეგმით ააშენებენ, მე მზად ვარ ნებისმიერ ეტაპზე გადავცე დაინტერესებულ ბიზნესმენს პროექტი. სავარაუდოდ, 10-დან 30 პროცენტამდე ფასდაკლების შეთავაზება მომიწევს გაყიდვის შემთხვევაში. რასაც ვამბობ წყალტუბოზე, იმავე პრინციპს ვაცხადებ „პანორამაზე“. ჩვენი ინტერესი კი ერთია - თბილისს ჰქონდეს ახალ სავიზიტო ბარათი - მსოფლიოში უპრეცედენტო და ექსკლუზიური პროექტი, რომელიც მას დამატებით გრძელვადიან ფუნქციას შესძენს - განავითარებს ჩვენ დედაქალაქში საქმიან ტურიზმს და მთელი ქალაქზე აისახება“, - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.
ოპონენტების ხმაურს კი ბიძინა ივანიშვილი ასე პასუხობს:
„იქ ათჯერ მეტი ხე დაირგვება, ვიდრე პროექტამდე იყო. მანამდე კი, იქ არსებული მწვანე საფარის დიდი ნაწილი უკვე დაავადებული გახლდათ, რასაც ასევე შველა სჭირდებოდა“, - აღნიშნა ივანიშვილმა.