logo_geo
ბიძინა ივანიშვილი: მთაწმინდის ფერდის გამწვანების პროექტის ტერიტორია, სოლოლაკიდან კუს ტბამდე, დაახლოებით 400 ჰექტარია
- +

4 ნოემბერი. 2019. 17:04

 

 

„მთაწმინდის ფერდის გამწვანების უნიკალური პროექტის ფარგლებში  მთელ ფერდობზე გამხმარი და დაავადებული მცენარეები კავკასიისთვის დამახასიათებელი სახეობებით ჩანაცვლდება“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალ „Entrepreneur“-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

 

მისი თქმით, პროქტის ავტორი  თემურ ტყემალაძეა.

„თემურის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან დაამუშავა და შემომთავაზა მთაწმინდის ფერდის გამწვანების უნიკალური პროექტი, რომელზეც ცოტა დეტალურად მინდა შევჩერდე. გასული საუკუნის 40-60-იან წლებში თბილისის ფერდობების - მთაწმინდიდან - კუს ტბამდე - გამწვანებისთვის უზარმაზარი სამუშაო ჩატარდა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში დაირგო ბევრი უცხო, შემოტანილი სახეობა, მაგალითად ტუია, კვიპაროსი, ასევე შავი ფიჭვი, რომელსაც  მისთვის უჩვეულო კლიმატურ პირობებში და კლდოვან ნიადაგზე შეუმცირდა სიცოცხლის ხანგრძლივობა, გაუჩნდა დაავადებები. ამიტომაც მთაწმინდის ფერდი გახუნებულია და გადამწვარივით გამოიყურება. ჩვენ მოვახდენთ მთელ ფერდობზე გამხმარ და დაავადებულ მცენარეთა ჩანაცვლებას კავკასიისთვის დამახასიათებელი სახეობებით - მინდვრისა და მთის ნეკერჩხლებით,  კავკასიური ფიჭვით, საკმლის ხით,  მუხით, აკაკითა და იფანით, ხოლო მთის თხემზე მოეწყობა ბილიკები და მოსასვენებელი ადგილები. ბილიკის გასწვრივ დაირგვება ლიბანის, ატლასისა და ჰიმალაის კედრები, რომლებიც სიცოცხლის დიდი ხანგრძლივობით გამოირჩევიან. დაირგვება ათასობით მოყვავილე იასამანი, ნუში და წითელი ტყემალი, რაც ვიზუალურად  ძალიან გააცოცხლებს თბილისის  ხედებს და მის ეკოლოგიას. ვფიქრობ პროექტი ისტორიულია და ძალიან პოზიტიურ რეზონანს გამოიწვევს თბილისელებში. პროექტი ისე დაგეგმა თემურმა, რომ შესაძლებლობა იქნება, ყველა სეზონზე სხვადასხვა ფერებში გაიშალოს ჩვენი მთა-წმინდა“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

მისი თქმით, ტერიტორია, სოლოლაკიდან კუს ტბამდე, დაახლოებით 400 ჰექტარია, ხოლო პროექტის სავარაუდო ღირებულება 12-15 მილიონი ლარი იქნება.

 

„ამასთან ერთად, მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ თაბორის მთის პროექტის ფარგლებში, უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში მუდმივად ირგვებოდა ახალი ხეები, თუმცა, როგორც ჩანს,  ჯიშები არ იყო სწორად შერჩეული და ეს პროცესი მთლად წარმატებული ვერ გამოდგა. თუმცა, დიდი იმედი მაქვს, რომ თემურთან ერთად მის უნიკალურ პროექტს წარმატებით დავასრულებთ და ძალიან კარგ საჩუქარს გავუკეთებთ თბილისელებს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

 

big_banner
არქივი