logo_geo
საქართველო ინტერნეტის თავისუფლების 2019 წლის ინდექსის ათეულში მოხვდა
- +

5 ნოემბერი. 2019. 15:12

 

საქართველო ინტერნეტის თავისუფლების 2019 წლის ინდექსის ათეულში მოხვდა. აღნიშნულ ინდექსს „ფრიდომ ჰაუსი“ ყოველ წელს განსაზღვრავს. კვლევის მიხედვით, საქართველომ მაქსიმალური 100 ქულიდან 75 მიიღო და მეათე ადგილზეა.

 

„ფრიდომ ჰაუსის“ შეფასებით, საქართველოში საანგარიშო პერიოდში ინტერნეტის თავისუფლება დაცული იყო.

 

„საანგარიშო პერიოდში ხელისუფლება ძირითადად, პატივს სცემდა და იცავდა ციფრულ უფლებებს. ამავე პერიოდში ამოქმედდა ახალი კონსტიტუცია, რომელიც ინტერნეტთან წვდომის გარანტიას იძლევა. მიუხედავად ამისა, ინტერნეტის თავისუფლებას რამდენიმე მიმართულებით მაინც ემუქრებოდა საფრთხე. წვდომა გაიზარდა, თუმცა ზრდა სუსტი იყო. ტროლინგი, განსაკუთრებით მთავრობასთან დაკავშირებული ბოტების მხრიდან, 2018  წლის ივნისში და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში განსაკუთრებით გაიზარდა. გარდა ამისა, ინტერნეტის ლანდშაფტს ასევე აზიანებს დევნისა და ზეწოლის ხმაურიანი შემთხვევები, რომლებსაც ადგილი ჰქონდა საანგარიშო პერიოდში“, – ნათქვამია ანგარიშში.

 

„ფრიდომ ჰაუსის“ კვლევაში ყურადღება გამახვილებულია რამდენიმე მოვლენაზე. მათ შორის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, რა დროსაც ანგარიშის ავტორთა შეფასებით, „ანონიმური აქტორები ინტერნეტ ლანდშაფტს ამახინჯებდნენ სოციალური მედიით გავრცელებული დეზინფორმაციით.“

 

„არჩევნებზე დამკვირვებლებმა დაადგინეს, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის მიმდინარეობისას, ორივე,  მმართველი პარტია და ოპოზიციაც ატარებდა დეზინფორმაციულ და ტროლინგის კამპანიას. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ ანგარიშში ნათქვამია, რომ გამოვლინდა დასპონსორებული პოსტები სხვადასხვა ანონიმურ გვერდებზე „ფეისბუქში“, რომლებსაც ორივე კანდიდატის დისკრედიტაციისთვის იყენებდნენ“, – წერს „ფრიდომ ჰაუსი“.

 

ასევე ანგარიშში ხაზგასმულია 2018 წლის დეკემბერში საქართველოს ახალი კონსტიტუციის ამოქმედება, რომელიც ინტერნეტთან წვდომას მოქალაქის ფუნდამენტურ უფლებად ადგენს.

 

ანგარიშში ასევე მოხვდა პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გავრცელების საკითხი.

 

ინტერნეტის თავისუფლების კუთხით პირველ ადგილზეა ისლანდია, მეორეზე – ესტონეთი, მესამეზე – კანადა. ათეულში ასევე მოხვდნენ გერმანია, ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი, აშშ, საფრანგეთი და სომხეთი.

 

 

 

big_banner
არქივი