logo_geo
"პანორამა თბილისის" სამივე სასტუმრო ერთმანეთს საბაგიროთი დაუკავშირდება, გაკეთდება უნიკალური აკვარიუმი
- +

5 ნოემბერი. 2019. 19:51

 

მმართველი პარტია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის ინფორმაციით, თავისუფლების მოედანზე მშენებარე ახალი სასტუმრო კომპლექსი, მაღალი რანგის, მაღალშემოსავლიან სტუმრებზე არის გათვლილი; 

შენობაში იქნება "უნიკალური აკვარიუმი",  განთავსდება ძალიან დიდი მასშტაბის თანამედროვე საკონფერენციო დარბაზები, რომლის მსგავსიც დღეს, არ არსებობს დედაქალაქში და რომლის არსებობის საჭიროება, რამდენიმე წლის წინ, EBRD-ის წლიურმა კონფერენციამ თვალსაჩინო გახადა.


როგორც ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, მაშინ თბილისს 3 ათასამდე მაღალი რანგის სტუმარი ეწვია, დარბაზი კი, არ არსებობდა და სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის ე.წ. ერთჯერადი სივრცეები დაიდგა, რათა ასეთი მნიშვნელობის ღონისძიება არ ჩაშლილიყო.

 
ივანიშვილის განმარტებით, პროექტს „პანორამა თბილისის“ მეორე სასტუმრი სრულად საქმიან ტურიზმზე იქნება გათვლილი.  

 

 „ გახსოვთ ალბათ, ყოფილი ცეკავშირის, წლების განმავლობაში მიტოვებული და დაცარიელებული შენობა, რომელზეც ყველაზე მეტი ხმაური იყო. დეტალებში არ შევალ, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ძალიან მოკლე დროში ავაშენეთ თანამედროვე და გამორჩეული სასტუმრო.  „პანორამის“ მეორე სასტუმროს აშენებით, გაჩნდება ახალი შესაძლებლობები,  ნებისმიერი მაღალი დონისა და მასშტაბის კონფერენციის თუ შეხვედრის მასპინძლობის საშუალებას მოგვცემს ეს სასტუმრო“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა entrepreneur - თან ინტერვიუში.

მისივე თქმით, საკონფერენციო სივრცეების აშენება ყველაზე ნაკლებად რენტაბელურია, ყველაზე დაბალია მოგება და ამიტომ, ბიზნესიც, ორდინარულ ვითარებაში, ამაზე აქცენტს არ ამახვილებს, ასეთი მასშტაბის სივრცეებს არ აშენებს.

 

 „ჩვენ  პრეტენზია გვაქვს, რომ ვართ ტურისტული ქვეყანა და კიდევ უფრო უნდა განვვითარდეთ. როგორ უნდა წავიდეთ წინ? სწორედ ასე − შევთავაზოთ მაღალი ხარისხი, ძვირფასი ინფრასტრუქტურა, რომ მოვიზიდოთ მაღალგადამხდელუნარიანი ტურისტები, გავხდეთ საქმიანი ტურიზმის ცენტრი, ჩვენთან ჩატარდეს მაღალი დონის კონფერენციები და დიდი ღონისძიებები“, - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.   

 

მისივე თქმით, თაბორის მთაზე მდებარე „პანორამის“ მესამე სასტუმროს უნიკალურობა იქნება იმაში, რომ იქ იქნება  გოლფის უნიკალური მოედნები, რაც ასევე მაღალი შემოსავლების სტუმრებზეა გათვლილი.

 

„ იქათჯერ მეტი ხე დაირგვება, ვიდრე პროექტამდე იყო. მანამდე კი, იქ არსებული მწვანე საფარის დიდი ნაწილი უკვე დაავადებული გახლდათ, რასაც ასევე შველა სჭირდებოდა. იმთავითვე გასაგებია, რომ ეს პროექტიც ვერ იქნება რენტაბელური მის თვითღირებულებასთან შედარებით. ამიტომ აქაც იგივე მიდგომა მაქვს: თუკი არსებული კონცეფციით და გეგმით ააშენებენ, მე მზად ვარ ნებისმიერ ეტაპზე გადავცე დაინტერესებულ ბიზნესმენს პროექტი. სავარაუდოდ, 10-დან 30 პროცენტამდე ფასდაკლების შეთავაზება მომიწევს გაყიდვის შემთხვევაში. რასაც ვამბობ წყალტუბოზე, იმავე პრინციპს ვაცხადებ პანორამაზე,"- ამბობს ბიძინა ივანიშვილი.

 

 

 

big_banner
არქივი