logo_geo
საქართველოდან წასულ ემიგრანტთა რაოდენობა გაიზარდა, ყველაზე მეტი ემიგრანტი კვლავ რუსეთში იმყოფება
- +

6 ნოემბერი. 2019. 17:39

 

 

2018 წელს საქართველოდან წასულ ემიგრანტთა რაოდენობა გაიზარდა. ყველაზე მეტი ემიგრანტი საქართველოდან კვლავ რუსეთში იმყოფება, - ამის შესახებ საქართველოს 2019 წლის მიგრაციის პროფილშია აღნიშნული, რომელიც მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის ფარგლებში შემუშავდა.

 

ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს რუსეთში ემიგრაციაში საქართველოს 6 345 მოქალაქე წავიდა, ამავე წელს რუსეთიდან საქართველოში 4 314 საქართველოს მოქალაქე დაბრუნდა.

 

„საქსტატის“ მონაცემებით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ყველაზე მეტი ემიგრანტი (მათ შორის, ყველაზე მეტი საქართველოს მოქალაქე ემიგრანტი) 2018 წელს დაფიქსირდა“, - აღნიშნულია ანგარიშში.

 

ანგარიშის მიხედვით, 2015 წლიდან ზრდადია ევროკავშირის ქვეყნებში მოქმედი ბინადრობის ნებართვის მფლობელ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობაც. 2017 წელთან შედარებით მათი რაოდენობა 2018 წელს 8.5%-ით გაიზარდა. ბინადრობის ნებართვის მქონე საქართველოს მოქალაქეების 60% საბერძნეთში, იტალიასა და გერმანიაში იმყოფება. ისინი ძირითადად, შრომითი (ანაზღაურებადი) საქმიანობის და ოჯახის გაერთიანების საფუძველზე გაცემულ ბინადრობის ნებართვებს ფლობენ.

 

ამასთან, ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ საქართველოს მოქალაქეთა მიერ ამ ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნის მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა. საქართველოს მოქალაქეების უმეტესობა თავშესაფარს საფრანგეთსა და გერმანიაში ითხოვდა. ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნაზე საქართველოს მოქალაქეთა განცხადებების აბსოლუტური უმრავლესობა (დაახლოებით 95%) შესაბამისი სამსახურების მიერ უარყოფილია იმ მიზეზით, რომ თავშესაფრის მოთხოვნა უსაფუძვლოდაა მიჩნეული.

 

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, 2018 წელს ევროკავშირის ქვეყნებში გამოვლენილი არალეგალურად მყოფი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. ყველაზე მეტი არალეგალურად მყოფი საქართველოს მოქალაქე გერმანიაში, საფრანგეთსა და საბერძნეთში გამოვლინდა.

 

„საქართველოს მოქალაქეების მიერ თურქეთში ბინადრობის ნებართვის მიღების მაჩვენებელი ზრდადია. საქართველოს მოქალაქეები თურქეთში ძირითადად შრომის, ოჯახის გაერთიანების და მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე იმყოფებიან“, - აღნიშნულია ანგარიშში.

                                                                                                               

 

 

 

 

big_banner
არქივი