logo_geo
„იმჟამინდელი ხელისუფლება ასეთ დიდ შეცდომას თუ დაუშვებდა, ვერასდროს წარმომედგინა“ - „იმედის“ თანამშრომლები 2007 წლის 7 ნოემბერს იხსენებენ
- +

7 ნოემბერი. 2019. 14:09

 

დღეს 7 ნოემბრის მოვლენებიდან 12 წელი გავიდა. ცრემლსადენი გაზი, ხელკეტები, რეზინის ტყვიები, აკუსტიკური იარაღი და წყლის ჭავლი - ეს იყო ის სპეციალური საშუალებები, რომელიც „ნაციონალურმა“ ხელისუფლებამ მშვიდობიანი მოქალაქეების დასარბევად გამოიყენა. იმ დღეს მოწამვლითა და სხეულის დაზიანებებით საავადმყოფოებში 250 ადამიანი მოხვდა. რუსთაველსა და რიყეზე დაშლილი აქციის შემდეგ სპეცდანიშნულების რაზმი დამოუკიდებელ ტელევიზიას გაუსწორდა. შეიჭრნენ არხის საეთეროში, გაანადგურეს „იმედის“ ტექნიკა, არქივი, თანამშრომლებს სპეცდანიშნულების რაზმის წევრები ფიზიკურადაც კი გაუსწორდნენ. ტელეკომპანიის დარბევისა და ხელში ჩაგდების შემდეგ ტელეკომპანია „იმედმა“ მაუწყებლობა რამდენიმე თვით შეაჩერა. ტელევიზია კანონიერ მფლობელს 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაუბრუნდა. 7 ნოემბრის დარბევისა და ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრის საქმეზე დღეს ბრალდებულის სტატუსს ატარებენ ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრები ზურაბ ადეიშვილი და ვანო მერაბიშვილი. ასევე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი და დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა.

 

„მე ვიყავი ეთერში, როდესაც სპეცდანიშნულების რაზმი შემოვიდა და როდესაც რეჟისორმა პირდაპირ ეთერში, ყურში მითხრა, რომ სტუმრები მოვიდნენ, ისმის კიდეც ვიდეოში თენგო მეზურნიშვილის ხმა. იმ მომენტში, სიმართლე გითხრათ, ვერ დავიჯერეთ, რადგან თუ იმჟამინდელი ხელისუფლება ასეთ დიდ შეცდომას დაუშვებდა, ვერასდროს წარმომედგინა. ყოველთვის რთულია ამის გახსენება, მითუმეტეს, ჩვენ ახლა ვდგავართ ფოიეში, სადაც „იმედის“ თანამშრომლები, როგორც ტერორისტები, დაწვენილი ჰყავდათ მიწაზე. 12 წლის შემდეგაც მინდა, დავივიწყო, მაგრამ ისევ მახსენებთ, სამწუხაროდ“, - განაცხადა „ქრონიკის“ წამყვანმა ლევან ჯავახიშვილმა.

 

„ჟურნალისტებს ძალიან ცუდად მოექცნენ მთელი დღის განმავლობაში, განსაკუთრებით „იმედის“ ჟურნალისტებს, ბევრი მოიწამლა, ბევრი საავადმყოფოში მოხვდა, ოპერატორები, ჟურნალისტები, ტექნიკური პერსონალი... სააკაშვილმა თითქოს მოუწოდა მოსახლეობას სიმშვიდისკენ, საგანგებო მდგომარეობა არ გამოცხადდა და ჩავთვალეთ, რომ აღარ იყო საფრთხე. თუმცა, მანამდე, რამდენიმე დღე გვაფრთხილებდნენ, რომ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო. იმ დღეს, პარლამენტიდან მაშინდელი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები განცხადებებს აკეთებდნენ, გივი თარგამაძე, გიგა ბოკერია და თითქმის ყველა ლიდერი“, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების პროდიუსერმა ირაკლი მოსეშვილმა.

 

„დღის განმავლობაში განვითარებული მოვლენები, რაც ყველამ იხილა, ეჭვს აჩენდა, რომ შეიძლებოდა ჩვენამდეც მოსულიყვნენ, რადგან ჩვენ ერთადერთი ტელევიზია ვიყავით, რომელიც პირდაპირ ეთერში, უწყვეტ რეჟიმში აშუქებდა მთელ მიმდინარე მოვლენებს, დაწყებული 2 ნოემბრიდან. ბოლო წუთები მახსოვს, როდესაც ტელევიზიის სააპარატოში კარი შემოამტვრიეს და შემოვარდა სპეცრაზმი. ახლაც კარგად მესმის ის ხმა, რომელიც იმ მომენტში იყო, როდესაც კარი შემოინგრა და მერე ყველამ იცის, რომ გაითიშა ტელევიზია“, - განაცხადა საინფორმაციო სამსახურის აღმასრულებელმა პროდიუსერმა თენგო მეზურნიშვილმა.

 

„ეთერში იჯდა ლევან ჯავახიშვილი, შემოვიდა გიორგი თარგამაძე და ლევანმა ადგილი დაუთმო... ეს ხმაური უკვე იყო. მე ამ დროს გავედი, რომ მენახა და ინფორმაცია შემომეტანა და დავინახე, რომ პირველ სართულზე უკვე სპეცრაზმი იყო“, - განაცხადა სტუდიის ოპერატორმა ვალერი სეხნიაშვილმა.

 

„შენობიდან რომ გამოვედით, იქ დაიწყო მეორე უბედურება. ძალიან ბევრი ხალხი იყო მოსული, სპეცრაზმი გარეთ დაგვხვდა, გავედით თუ არა ეზოდან, ეგრევე დაიწყეს სროლა რეზინის ტყვიებით. იქვე ტყეში შევვარდი და მაგით ვუშველე თავს, მაგრამ ძალიან ბევრმა ჩემმა თანამშრომელმა ეს ვერ მოახერხა და მიიღო დაზიანება“, - განაცხადა „ქრონიკის“ მონტაჟის რეჟისორმა გიორგი დარჩიამ.  

 

 

 

 

big_banner
არქივი