logo_geo
გიორგი ანდრიაძე: ამ ფილმით ქვეყანა არ დაიქცევა, მაგრამ უნდა დავიცვა ჩემი შვილები და საზოგადოება ამ უზნეობისგან
- +

7 ნოემბერი. 2019. 19:55

 

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ანდრიაძე, გეი წყვილზე გადაღებული ქართულ-შვედური ფილმის თბილისურ პრემიერას ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს ფილმიც იმ გარე ძალების მიერაა დაფინანსებული და ქართულ საზოგადოებაში ტრადიციული სტერეოტიპების ნგრევას ისახავს მიზნად.  


გიორგი ანდრიაძის მოსაზრებით, ამ ფილმით ქვეყანა არ დაიქცევა, მაგრამ ქართულ საზოგადოებაში, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობაში, გარდატეხის შეტანის ერთ-ერთი ეტაპი იქნება. ახალგაზრდები დაიწყებენ მსჯელობას ფილმის შინაარსზე, განიხილავენ მას და ნელ-ნელა, მათი მენტალიტეტი შეიცვლება.

 

"ერთმანეთის ნაწილია ამ ფილმის პრემიერაც და ეკლესიაზე მიტანილი შეტევაც. ორივეს აქვს ერთადერთი მიზანი, რომ საზოგადოებამ ხელი ჩაიქნიოს ამ ღირებულებებზე, ის გახდეს გასაკიცხი,ამისთვის კი, საჭორაო ობიექტი. ამ ფილმით ქვეყანა არ დაიქცევა, მაგრამ გარდატეხის შეტანის ერთ-ერთი ეტაპი იქნება. ახალგაზრდები დაიწყებენ მსჯელობას, განიხილავენ მას, ნელ-ნელა უნდათ ამ მენტალიტეტის შეცვლა. მე უნდა დავიცვა ჩემი შვილები და საზოგადოება მსგავსი უზნეობისგან. როცა ადამიანი თავისთვის ცხოვრობს და ვინმე მას სახლში უვარდება, ეს სხვა რამ არის, მაგრამ, როცა ცხოვრების წესი, რომელიც ქართული საზოგადოებისთვის მიუღებელია და იწვევს საზოგადოების გაღიზიანებას, მისი ტირაჟირება საჭირო არ არის. გეებს არ სჭირდებათ ამ ფილმის ჩვენება. ისინი, ისედაც მშვენივრად ცხოვრობენ. სხვათა შორის, რაც უფრო დაანებებენ თავს, ისინი უფრო დაცულად და მშვიდად იგრძნობენ თავს. დანარჩენი საზოგადოება კი, ამის მოწინააღმდეგეა", - განაცხადა გიორგი ანდრიაძემ „კვირას“ პრესკლუბში. 


მისივე თქმით, საერთაშორისო სამართალში არსებობს მუხლი, რომელიც გულისხმობს, რომ მსვლელობის მოწყობა დასაშვებია იმ შემთხვევაში თუ ის ქვეყანაში არ იწვევს დაძაბულობას და დაპირისპირებას. "ეს თემა იწვევს ამ დაძაბულობას და ცდებს ატარებენ? ფილმის ავტორები მსოფლიო საზოგადოებას აჩვენებენ, რომ ქართველი გოგონები და ბიჭები არიან ასეთები", - აცხადებს გიორგი ანდრიაძე.  



აღსანიშნავია, რომ პირველი ქართული სასიყვარულო გეი დრამის პრემიერა, რომლის რეჟისორი ლევან აკინია, 8 ნოემბერს, "ამირანში" იგეგმება. საზოგადოების ნაწილი ამ დღეს საპროტესტო გამოსვლებისთვის ემზადება, რადგან პრემიერა ჩაშალონ.   

 

big_banner
არქივი