logo_geo
აფხაზი მეცნიერი 20 წელიწადში აფხაზური ენის გაქრობას პროგნოზირებს
- +

11 ნოემბერი. 2019. 02:02

 

 

 20 წლის შემდეგ აფხაზეთში ძნელი საპოვნელი იქნება ადამიანი, ვისაც აფხაზური ენა ეცოდინება - ასეთი პროგნოზი გააკეთა აფხაზური ტელევიზიით გამოსვლისას ცნობილმა ლინგვისტმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა და საექსპერტო ფონდ „ახპშიმრას“ დირექტორმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ. თუმცა, პროფესორ გიორგი ანჩაბაძის აზრით, ეს შეფასება გაზვიადებულია და შეუძლებელია აფხაზური ენა 20 წელიწადში გაქრეს, რადგან „ასეთი პროცესებისთვის 20 წელიწადი ძალიან ცოტაა“.

 

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ამ მიმართულებით საგანგებო კვლევა ჩატარდა, რომლის სახელწოდებაც იყო „აბაზინები და აფხაზები: ენების შენარჩუნებისა და განვითარების პერსპექტივები, საველე კვლევები და საარქივო მასალები“. რუსული გამოცემა „სპუტნიკის“ ცნობით, ამ კვლევამაც სავალალო შედეგები აჩვენა.

 

მაგალითად, კვლევის შედეგების თანახმდა, მთელი აფხაზეთის მასშტაბით საბავშვო ბაღებსა და სკოლის დაწყებით კლასებში ეეროვნებით აფხაზ ბავშვებს შორის აფხაზური ენის მცოდნეთა რაოდენობა 20-დან 30 პროცენტამდე მერყეობდა.

 

გარდა ამისა, კვლევამ გამოავლინა ერთი საინტერესო ტენდენციაც - თუკი აფხაზურის არმცოდნე და რუსულად მოლაპარაკე აფხაზი მოზარდი ხვდებოდა ისეთ კლასში, სადაც უმრავლესობამ კარგად იცოდა აფხაზური, გარკვეული პერიოდის შემდეგ იგი კი არ სწავლობდა აფხაზურს, არამედ პირიქით - მთელი კლასი რუსულად იწყებდა ლაპარაკს.

 

გარდა ამისა, კვლევით გაირკვა, რომ აფხაზური ენა სოფლებში უფრო მეტადაა გავრცელებული და შემოანხული, ვიდრე ქალაქებში, თუმცა დღეს არსებული ტენდენციით, აფხაზური მოსახლკეობა მასიურად ტოვებს სოფლებს და ქალაქებში გადადის საცხოვრებლად.

 

პროფესორი ანჩაბაძე მიიჩნევს, რომ აფხაზური ენის შენარჩუნებასთან დაკავშირებით პრობლემა მართლაც არსებობს, თუმცა ვიაჩესლავ ჩირიკბა ზედმეტად დრამატულად წარმოაჩენს არსებულ ვითარებას, რათა აფხაზურ საზოგადოებას ამ პრობლემის მოგვარების მოტივაცია აუმაღლოს.

 

„საერთოდ არის ეს პრობლემები აფხაზეთში, მაგრამ ეს (პროგნოზი) ცოტა გადაჭარბებულია და თანაც გამორიცხულია. მას ეტყობა სურდა გაემწვავებინა, რადგან აწუხებს ეს საკითხი.

 

ეს პრობლემა საბჭოთა პერიოდში დადგა, რადგან აფხაზები აფხაზეთში ძალიან ცოტანი იყვნენ, დაახლოებით 15-18%, და მათ ენას თანდათან რუსული ცვლიდა. ეს არა მარტო აფხაზებს ეხებოდათ, არამედ ყველა იქ მყოფი ეთნიკურ ჯგუფს. თუმცა, 1992-93 წლების შემდეგ რომ შეიცვალა პროცენტულობა, მათი ენა სოხუმში უფრო მეტად ისმის, ვიდრე ადრე იყო.

 

მომავალში როგორ იქნება, ეს უკვე მათზეა დამოკიდებული, რამდენად მოუვლიან მშობლიურ ენას. საერთოდ, მსოფლიოში არის ასეთი ტენდენცია, რომ მცირერიცხოვანი ენებს თანდათან ინგლისურით და სხვა ენებით შეცვლიან,“ - განაცხადა გიორგი ანჩაბაძემ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი