logo_geo
„ვაჟკაცი პიროვნებაა“ - ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებული ვაჟა ბიძინაშვილი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ საუბრობს
- +

17 ნოემბერი. 2019. 16:31

 

სოფელ ბერშუეთის მკვიდრი ვაჟა ბიძინაშვილი, რომელიც 7 ნოემბერს ოკუპირებული ღდულეთის მიმდებარედ თანასოფლელ ივანე ზაუტაშვილთან ერთად დააკავეს და ჯერ სიტყვიერი, შემდეგ დაკავებისას კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ცხინვალის იზოლატორში მყოფი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ საუბრობს.

 

„გვაგინებდნენ, წადით აქედანო. ჩვენ ვუთხარით, თქვენ წადით, ეს ჩვენი მიწაა. შემდეგ გვითხრეს, თუ ასეა, გადმოდითო, ვერ მოვითმინეთ და გადავედით. რომ არ გადავსულიყავით, გამოვიდოდა, რომ ვაღიარეთ ე.წ. საზღვარი. ჩხუბი მოგვივიდა და გვცემეს კონდახებით. გადაგვიყვანეს იზოლატორში და 9 ნოემბერს ბატონი ვაჟა მოიყვანეს. ამბობდა ოკუპირებულ სოფელ მონასტერში დააკავეს. იქ კამერები აყენია და რუსებიც დადიან. გაჭირვებულების დასახმარებლად მიდიოდა. ისინი სთხოვდნენ, ჩვენება შეეცვალა და საზღვარი ეღიარებინა, ბატონი ვაჟა კი უარს ეუბნებოდა, აქაც ჩემი სამშობლოაო. ბოლოს რომ გაიყვანეს, გავიგეთ ოსი მეთაურისგან, რომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. ვაჟკაცი პიროვნებაა, ჩვენ გვამხნევებდა და რუსებს სთხოვდა, ექიმი სჭირდებათ და მიხედეთო. თვითონ რა უნდა ექნა, მხოლოდ სველ საფენებს მადებდა. მე-9 დღეს ჩაგვიტარეს სასამართლო, გადავიხადეთ 2000 რუბლი და გაგვათავისუფლეს. ძალიან ვწუხვარ, რომ ის იქ დარჩა და იმედი მაქვს, მალე გამოუშვებენ“, - აცხადებს ვაჟა ბიძინაშვილი.

 

მოძრაობა „თავისუფლება ვაჟა ექიმს“ საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად 18 ნოემბერს „თეთრი ხალათების“ აქციას გამართვს.

 

16 ნოემბერს, აშშ-ის საელჩომ ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა.

 

რაც შეეხება ხელისუფლების რეაგირებას, შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრი იმედოვნებს, რომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს საპყრობილიდან უახლოეს მომავალში გაათავისუფლებენ. ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ ტრაგიკულია, როდესაც მთლიანად ცხინვალის რეგიონი საპყრობილეს და იზოლატორს ემსგავსება, ეს კი იმ პირობებში, როდესაც გადასასვლელებიც ჩაკეტილია.

 

ექიმის დაკავების საკითხს განცხადებები მოჰყვა საგარეო საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროებში. პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ექიმის დაპატიმრებით საოკუპაციო რეჟიმი ადამიანურ ღირებულებებს კიდევ ერთხელ გაემიჯნა.

 

ფაქტს გამოეხმაურა სახალხო დამცველიც. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა კი საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა.

 

15 ნოემბერს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპანტებმა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მას ე.წ. საზღვრის დარღვევას ედავებიან. დაკავებულის კოლეგების ინფორმაციით, ოკუპანტები და ოსი სეპარატისტები ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილისაგან ერთადერთ რამეს ითხოვენ: აღიაროს საზღვრის გადაკვეთა, რაზეც ის კატეგორიულ უარს აცხადებს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი