logo_geo
ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად, საავადმყოფოებთან, „თეთრი ხალათების“ აქციები გაიმართა
- +

18 ნოემბერი. 2019. 13:03

 

 

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად, საქართველოს მასშტაბით, საავადმყოფოებთან „თეთრი ხალათების“ აქციები გაიმართა.

 

რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში გამართულ აქციას სამედიცინო უნივერსიტეტი და საუნივერსიტეტო კლინიკები შეუერთდნენ.

 

მედიკოსები ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ ექიმებს საზღვრები არ აქვთ.

მათ ოს კოლეგებს ოსურ ენაზე მიმართეს და დახმარება სთხოვეს.

 

„ყველა მედიკოსი და სამედიცინო დაწესებულება არის ერთსულოვანი. ჩვენც ვუერთდებით აქციებს და ვითხოვთ ბატონი ვაჟას უპირობო გათავისუფლებას. ეს არის ექიმი, რომელმაც დაიმსახურა პაციენტების სიყვარული და წარმოუდგენელია, რომ ასეთი ადამიანი იმყოფებოდეს უკანონო პატიმრობაში“, - განაცხადეს აქციაზე.

 

„თეთრი ხალათის“ აქციები გაიმართა ასევე ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთში, თელავში და სხვადასხვა ქალაქებში.

 

ამასთან, დღეს, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია თბილისში, გაეროს წარმომადგენლობის ოფისთანაც გაიმართა. აქციის მონაწილეებმა გაეროს ექიმის გათავისუფლებაში დახმარების თხოვნით მიმართეს.

 

ახალგორის რაიონში დაკავებულ ქართველ ექიმს ვაჟა გაფრინდაშვილის, 15 ნოემბერს, ახალგორის ე.წ. სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე პაციენტის სანახავად მიდიოდა.

 

 

big_banner
არქივი