logo_geo
ჭარბი წონის სამკურნალო ოპერაციებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა აღარ დააფინანსებს
- +

21 ნოემბერი. 2019. 12:06

 

ბარიატრიულ ოპერაციებს ანუ ისეთ ქირურგიულ ჩარევებს, რომლებიც პაციენტებს ჭარბი წონის დროს ენიშნებათ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა აღარ დააფინანსებს. შესაბამის ცვლილებას მთავრობის 520-ე დადგენილება ითვალისწინებს.

 

როგორც საქართველოს პირველ არხთან საუბარში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განმარტა, ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ აღნიშნული ოპერაციები ხშირ შემთხვევაში არამიზნობრივად კეთდებოდა იმ დროს, როდესაც, მსოფლიო სტანდარტით, მსგავსი ქირურგიული ჩარევები დაშვებულია მხოლოდ მძიმე სიმსუქნის შემთხვევაში, როდესაც ოპერაციის სარგებლიანობა აღემატება რისკს. მისივე თქმით, გადაწყვეტილება ბარიატრიული ოპერაციის ჩატარების შესახებ მიღებულ უნდა იყოს არა ერთი ექიმის, არამედ ექიმთა გუნდის მიერ, საქართველოში კი ასეთი ქირურგიული ჩარევები ჭარბად, ხშირ შემთხვევაში პირველი-მეორე ხარისხის სიმსუქნის შემთხვევებში კეთდებოდა, რაც კოსმეტიკურ და ესთეტიკურ მიზნებს ემსახურებოდა. თამარ გაბუნიას განცხადებით, ბარიატრიული ოპერაციების დაფინანსებაზე 2018 წელს სახელმწიფომ ხუთ მილიონ ლარზე მეტი დახარჯა, რაც გაუმართლებელი ხარჯია.

 

განსხვავებული შეფასება აქვს კლინიკა „ინოვას“ ბარიატრიული ქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელ დავით აბულაძეს. როგორც მან საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ჯანდაცვის სამინისტროს აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად, ყოველწლიურად ასობით პაციენტი მათი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის აუცილებელ ოპერაციას ვეღარ გაიკეთებს. მისი განმარტებით, აღნიშნული ქირურგიული ჩარევის მიზანი არის არა ვიზუალური ცვლილება, არამედ დიაბეტის, გულსისხლძარღვთა და სხვა სერიოზული დაავადებების მკურნალობა და პრევენცია.

 

მისივე თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ჭარბწონიანობა დაავადებად არის მიჩნეული და საქართველოში ბარიატრიული ოპერაციები სამედიცინო ჩვენების საფუძველზე ტარდება, როდესაც დგინდება, რომ სიმსუქნე პათოლოგიურია და ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. დავით აბულაძის თქმით, საქართველოში ყოველწლიურად საშუალოდ 700-800 მსგავსი ოპერაცია ტარდება და მისი ღირებულება 10-11 ათასი ლარია. აღნიშნული ოპერაცია 25-დან 50 წლამდე ასაკის პირებს უტარდებათ. დავით აბულაძის განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსების შეწყვეტის შემდეგ პაციენტების 90 პროცენტი ვერ შეძლებს ამ ოპერაციის საკუთარი სახსრებით სრულად დაფინანსებას. ქირურგის განმარტებით, კლინიკების ასოციაციამ ჯანდაცვის სამინისტროს უკვე მიმართა თხოვნით, განიხილონ აღნიშნული პრობლემა, რაზეც მიიღეს პასუხი, რომ სამინისტრო შეისწავლის საკითხს.

 

თამარ გაბუნიას განმარტებით კი, ცვლილების ძალაში შესვლის შემდეგ ბარიატრიულ ოპერაციებს სახელმწიფო კვლავ დააფინანსებს, თუმცა რეფერალური პროგრამის ფარგლებში, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი გაკეთების აუცილებლობა დასაბუთებული იქნება.

 

ბარიატრიული ოპერაციების საშუალებით ხდება წონის დაკლება და მეტაბოლური წონასწორობის დარეგულირება. ოპერაციის დროს კუჭი პატარავდება ან ხდება წვრილნაწლავის ატანა კუჭთან და მისი მიერთება საყლაპავთან.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი