logo_geo
მეუფე გრიგოლი: ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის ერთ-ერთი საფრთხე საზოგადოების დეზინფორმაციაა
- +

23 ნოემბერი. 2019. 13:09

 

„მაშინ, როდესაც ქვეყანა თავის განვითარების გზაზე დგას და ცდილობს რეფორმების გატარებას, რომ დასავლეთის სახელმწიფოებთან ღირებულების მხრივ მეტად დაახლოვდეს, აქ თავს იჩენს ისეთი დეზინფორმაცია, რომელიც დასავლეთის, მათ შორის ამერიკისა და ევროპული სახელმწიფოების დისკრედიტაციას ეწევა და მათ სახავს ბოროტების წყაროდ“, – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა ფოთის საკათედრო ტაძარში გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებული ღამისთევის მსახურების დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

მეუფე გრიგოლმა საზოგადოების განვითარებისთვის ერთ-ერთ საფრთხედ დეზინფორმაცია დაასახელა.

 

„დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ დეკლარირებულად, მაგრამ ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ ვართ შემდგარი. ამ პროცესში ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია, აქ იგულისხმება, როგორც საზოგადოების მდგომარეობა, ისე ხელისუფლებისა, იგულისხმება შიდა და გარე საფრთხეები. ამ ჭრილში ჩვენს ცხოვრებას, ჩვენი ქვეყნის განვითარებას, ხელს უშლის და წინ ეღობება ერთ-ერთი საფრთხე, რომელიც არის საზოგადოების დეზინფორმაცია. მაშინ, როდესაც ქვეყანა თავის განვითარების გზაზე დგას და ცდილობს გარკვეული რეფორმების გატარებას, რომ დასავლეთის სახელმწიფოებთან ღირებულების მხრივ მეტი დაახლოება მოხდეს, აქ თავს იჩენს ისეთი დეზინფორმაცია, რომელიც დასავლეთის, მათ შორის ამერიკისა და ევროპული სახელმწიფოების დისკრედიტაციას ეწევა და მათ სახავს ბოროტების წყაროდ. ეს საფრთხეები მოდის სწორედ იმათგან, ვისაც აშინებს და აეჭვიანებს საქართველოს მომავალი თავისუფალი განვითარება. ჩვენ თითქოს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩვენს გზას დავადექით, მაგრამ იმ მარწუხებიდან ჯერ არ ვართ გამოსული, ასე გულდამშვიდებულები ვერ ვიქნებით“, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

 

მისივე თქმით, საზოგადოების მეტი ინფორმირებულობა და განათლებაა საჭირო.

 

„საზოგადოების დეზინფორმაციისა და დეზორიენტაციისთვის მრავალი თემა არის გამოყენებული, მათ შორის რელიგიური, ზნეობრივი მხარეები, მორალი. მიმაჩნია, რომ ასე ბრმად არ შეიძლება ამის მიღება და დაჯერება. ეს, რომ არ მოხდეს ამისთვის მეტი ინფორმირებულობა და განათლებაა საჭირო. გრძელვადიან პერსპექტივაში განათლების სისტემაში იმ ტიპის რეფორმირებაა საჭირო, რომელიც ადამიანს არა მხოლოდ სპეციალობას შეასწავლის, არამედ სააზროვნო უნარებს შესძენს“, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი