logo_geo
„ვეკითხებით ერთმანეთს, რით დავიმსახურეთ ეს ყველაფერი, რასაც თქვენ აკეთებთ?“ -ანიტას მშობლების ემოციური მიმართვა
- +

23 ნოემბერი. 2019. 13:13

 

მთელი საქართველო გააერთიანა პატარა ანიტას ამბავმა, რომელსაც დილატაციური კარდიომიოპათიის დიაგნოზი აქვს და ძალიან დიდი თანხაა საჭირო, რომ გაუკეთდეს ყველა სათანადო პროცედურა და იცოცხლოს. დიდი თუ პატარა, უამრავი ადამიანი ანიტასთვის ფულის შეგროვების კამპანიაში ჩაერთო. ბავშვები სკოლის ბუფეტში დასახარჯ თუ ყულაბაში შეგროვებულ ფულს კრებენ და ანიტას ანგარიშზე რიცხავენ.

 

ანიტას მშობლები გიორგი ფაცაცია და მარიკო სადრაძე ამჟამად ავსტრიაში იმყოფებიან ანიტასთან ერთად, სადაც ლტოლვილებად ჩაბარდნენ, რომ მდგომარეობა შეემსუბუქებინათ და იქ მიეხედათ პატარისთვის. ისინი სწორედ ავსტრიიდან ავრცელებენ ემოციურ მიმართვებს ქართველი საზოგადოებისადმი, რომელიც მათ მხარში დაუდგა:

 

გიორგი ფაცაცია, ანიტას მამა:

 

- ძალიან გამიჭირდება სიტყვებით ავხსნა, თუ როგორი მადლიერი ვარ თითოეული ადამიანის, ვინც ჩვენი სიტუაცია გულთან ახლოს მიიტანა. სამწუხაროდ, არ შემიძლია ყველა ადამიანს სათითაოდ მივწერო და ჩემი მადლიერება გამოვხატო და ამიტომ მოგმართავთ ყველას ერთად.

 

ფაქტობრივად, 1 დღე გავიდა და მე პირადად უკვე დავინახე იმაზე მეტი ადამიანობა, სითბო და სიყვარული, ვიდრე წარმომედგინა.

 

ყველას ძალიან დიდი მადლობა გვერდში დგომისთვის. რადგან არ ვაქტიურობ, არ გეგონოთ, რომ ამ ყველაფერს ვერ ვხედავ. ვხედავ და ვიაზრებ, ასე რომ, დიდი მადლობა ზოგისთვის ნაცნობი და ზოგისთვის უცნობი პატარა ანიტას გულშემატკივრობისთვის.

 

მარიკო სადრაძე, ანიტას დედა:

 

- საქართველოს დროით დილის 4 საათია, მაგრამ მე ახლა დავაძინე ანიტა. ყოველდღე მე და ფაცო (გიორგი ჰქვია ანიტას მამას, მაგრამ ჩემთვის ფაცოა) ვეკითხებით ერთმანეთს, რით დავიმსახურეთ ეს ყველაფერი, რასაც თქვენ აკეთებთ? მაგრამ ამ კითხვაზე პასუხი არ გვაქვს. მადლობა მინდა კიდევ ერთხელ გითხრათ და ერთი ამბავი გაგიზიაროთ. მოგეხსენებათ, სოციალური ქსელის საშუალებით ხშირად ითხოვენ პატარებისთვის დახმარების გაწევას, ყოველთვის ძალიან განვიცდიდი ამას. ძალიან ბევრს ვტიროდი, თანხასაც საშუალებისამებრ ვრიცხავდი და დიდ უსამართლობად მიმაჩნდა პატარების ავადმყოფობა, მაგრამ იმას ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ერთ დღესაც მეც იმ ადამიანების რიგში აღმოვჩნდებოდი, რომლებიც შვილის გამო საზოგადოებას დახმარებას სთხოვდნენ. ერთ დილას გავიღვიძე (მაშინ ანიტა ჯანმრთელი იყო) და შემხვდა ერთ-ერთი ბიჭუნას დედის პოსტი, სადაც ის საზოგადოებას დახმარებას სთხოვდა. ძალიან განვიცადე, ბევრი ვიტირე და იმის შემდეგ 3 დღის განმავლობაში გულში ვიმეორებდი: „ღმერთო, რა ბედნიერი ვარ, რომ ჯანმრთელი შვილი მყავს... რა ბედნიერი ვარ, რომ ჩემს ჯანმრთელ შვილს ვეხუტები ყოველ ღამე. გევედრები ყველა დედას უმყოფე შვილი ჯანმრთელი...“ რატომღაც 3 დღის მანძილზე მარტო ამ თემაზე ვფიქრობდი. ზუსტად მესამე დღეს ანიტას ღამით სუნთქვა გაუჭირდა. გვეგონა გაცივდა, დავიწყეთ გაციებაზე მკურნალობა, შემდეგ ჭამა შეწყვიტა... ვერ ამოვხსენით რა იყო. მივიყვანეთ ექიმთან, თავიდან მოწამლული ეგონათ და ბოლოს ეს დიაგნოზი დაისვა... მაშინ პირველად მითხრა ექიმმა, ზუსტად ჯერ ვერ გეტყვი, მაგრამ შეიძლება შენი შვილის დაავადება განუკურნებელი იყოსო. ის დღე არასდროს დამავიწყდება, მაგრამ მაინც არ მჯეროდა, რომ შეიძლებოდა ეს სიმართლე ყოფილიყო. ახლა კი ვარ ასეთი რეალობის წინაშე, რასაც ხედავთ, მაგრამ ამდენი ერთად გაერთიანებული ადამიანის ლოცვა, სიკეთე, დადებითი ენერგეტიკა, ჩვენზე ძალიან მაგრად მოქმედებს. არ დაგიმალავთ, ცოტა გადავიწვი კიდეც ემოციურად. უკვე ყველას ვეღარც გპასუხობთ, არადა რამდენი თბილი სიტყვა მინდა გითხრათ. ჩემი პატარა ქალბატონი აზრზეც არაა, რა ხდება მის გამო. მისი მამიკო ჩუმად დარდობს, უბრალოდ ემოციებს ჩემსავით ვერ გამოხატავს და ალბათ ის უფრო იტანჯება ამის გამო, ვიდრე მე. ცდილობს ვაჟკაცურად დადგეს და შიში არ მანახოს, მაგრამ მე ხომ ვიცი, საავადმყოფოში დაგვტოვებდა ჩვენ და თავშესაფარში მოსულს ჩუმად რამდენჯერ უტირია. ტელეფონზე ცდილობდა ვერ მივმხვდარიყავი მის ნამტირალევ ხმას, მაგრამ მე რას გამომაპარებს... რაც თქვენი თანადგომა ვიგრძენით, იმის მერე აბსოლუტური გარდატეხა მოხდა ჩვენში. სიცილი დავიწყეთ, ერთმანეთს ვეხუმრებით, ვართობთ, „ვეღადავებით“ კიდეც. ეს პოზიტივი ანიტაზეც კარგად მოქმედებს, მასაც არ უნდა მუდამ თვალცრემლიანი დედის და ნატანჯი მამის სახის ყურება, მაგრამ ახლა ტელეფონზე ეჭვიანობს. უნდა, რომ დედა მთლიანად მას ეკუთვნოდეს, ამიტომ დღეიდან გადავდე ტელეფონი გვერდით და ვცდილობ ყურადღება არ მოაკლდეს. თქვენ უფრო მაპატიებთ, თუკი მოგაკლდათ ჩემი ყურადღება და პასუხები, ვიდრე ეს გოგონა. ჯერ ძალიან პატარაა და ბევრი რამ გაუგებარია მისთვის... მიყვარხართ ყველა“.

 

მანამდე მარიკო სადრაძემ კიდევ ერთი ფაქტის შესახებ უამბო ანიტას გულშემატკივრებს: „ეს ჩემი საქართველოა… ეს ჩემი ქვეყანაა! ვამაყობ თქვენით. უმაგრესებო, იცით ჩემს ქმარს 34 წლის ბიჭმა რა მოსწერა რამდენიმე დღის წინ? თუკი ჩემი გული გამოადგება, მზად ვარ დავუთმოო… ხალხო გესმით? გვთხოვა არ გაგვესაჯაროებინა, მაგრამ გაჩუმებაც აღარ შემიძლია… ადამიანი თავის სიცოცხლეს გვთავაზობდა. ვიღაც ბინას აგირავებს, ვიღაც მანქანას ყიდის, ვიღაც თავის საკოლექციო წიგნებს, თავის ტანსაცმელს, საკუთარ ნახატებს, თავისთვის ძვირფას ნივთებს იღებენ ანიტასთვის. მე ამ დროს არ მესმის რა გავაკეთო. ძალიან დაბნეული ვარ. ემოციებისგან გადავიწვი. შოკში ვარ. ვამაყობ, მიყვარხართ ახლა ვარ ქვეყანაში, სადაც გიჟად შემრაცხეს ექიმებმა და იცით რატომ? იმიტომ რომ ჩემი თვალებით ვხედავდი როგორ ჩავარდა კრუნჩხვაში ჩემი პატარა და ვყვიროდი საშველად. ექიმმა გადაწყვიტა, რომ ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ვარ და ამ დროს ვხედავ ჩემს ქვეყანას, უცხო ადამიანები ტირიან ჩემი შვილის გამო და აქ ის უკვირთ დედა რომ ყვირის. მართლა ყველაზე მაგარი ერი ვართ და არავინ შემეკამათოს“.

 

შეგახსენებთ ანგარიშის ნომრებს:

 

GE28BG0000000100761966 – „საქართველოს ბანკი“

GE38TB7855945064300017 – „თიბისი“

მიმღები - ლია ჩხაიძე (ანიტას ბებია)

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი