logo_geo
გრიპის საწინააღმდეგო ფრანგული ვაქცინა კომერციულ ქსელში 27 ნოემბრიდან გაიყიდება
- +

25 ნოემბერი. 2019. 11:22

 

კომერციულ ქსელში გრიპის საწინააღმდეგო ფრანგული, ოთხკომპონენტიანი პრეპერატით – „ვაქსიგრიპით“ აცრა 27 ნოემბრიდან იქნება შესაძლებელი. ვაქცინების პარტია ქვეყანაში ხვალ შემოვა.

 

ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს პრეპარატის იმპორტიორ კომპანია „ჯიპისიში“ განუცხადეს. მათი თქმით, „ვაქსიგრიპის“ 10-12 ათას დოზას ელოდებიან. საჭიროების შემთხვევაში კი, დამატებითი პარტიების შეძენასაც არ გამორიცხავენ. ვაქცინის სარეალიზაციო ფასი 50 ლარი იქნება.

 

ოქტომბრის ბოლოს „ჯიპისიმ“ 12 000 დოზა ჰოლანდიური წარმოების, სამკომპონენტიანი პრეპარატი „ინფლუვაკი“ შემოიტანა, რომლის მარაგიც მალევე ამოიწურა.

 

ჰოლანდიური წარმოების 4 500 დოზა შეიძინა „ავერსმაც“, რაც უკვე გაიხარჯა. ფრანგული ვაქცინის 1500 დოზა „ვაქსიგრიპი“ კი, ქსელში რამდენიმე დღეში შემოვა.

 

ოთხკომპონენტიანი, 100 000 ერთეული ვაქცინა ოქტომბრის ბოლოს სახელმწიფომ შემოიტანა, რომელიც უფასო აცრებით რისკჯგუფებში შემავალ მოქალაქეებს (შიდსითა და ცე ჰეპატიტით ინფიცირებულები, მედპერსონალი და სხვ.) უზრუნველყოფს. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ვაქცინა უკვე განაწილებულია ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. შესაბამისი გეგმის მიხედვით, აცრები უპირველესად, მაღალი რისკის მქონე მოქალაქეებს ჩაუტარდებათ. იქნება ვაქცინაციის „თავისუფალი დღეები“, როდესაც აცრის გაკეთება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. „თავისუფალ დღეს“ დაავადებათა კონტროლის ცენტრი საზოგადოებას წინასწარ შეატყობინებს.

 

გრიპის საწინააღმდეგო აცრების გაკეთებისთვის საუკეთესო პერიოდად ოქტომბერი და ნოემბრის დასაწყისი მიიჩნევა.

 

 

 

 

big_banner
არქივი