logo_geo
2021 წელს ფოთს საკუთარი საზღვაო აკადემია ექნება
- +

7 დეკემბერი. 2019. 16:01

 

2021 წელს ფოთს საკუთარი საზღვაო აკადემია ექნება, - პროექტის განხორციელებისთვის საჭირო სახსრები პრემიერ-მინისტრის განკარგულებით გამოიყო.

 

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალი ფოთში ჰიდრომელიორაციური ტექნიკუმის ისტორიულ შენობაში განთავსდება. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომლის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც უახლოეს პერიოდში დაიწყება, დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ ალექსანდრე მოწერელიასთან ერთად დაათვალიერა.

 

ფოთის აკადემია საწყის ეტაპზე იქნება მხოლოდ პროფესიულ განათლებაზე ორიენტირებული მაღალი დონის სასწავლებელი, რომელიც ყველა საერთაშორისო მოთხოვნას უპასუხებს.

 

1000-მდე სტუდენტზე გათვლილ სასწავლებელში 250-მდე ადამიანი დასაქმდება.

 

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ფოთის სასწავლებელი, გარდა იმისა, რომ რეგიონის ლოგისტიკურ ინტერესებს მოემსახურება, შექმნის მეთევზე მეზღვაურთა, ასევე მაღალკვალიფიციური რიგითი და დამხმარე შემადგენლობის წვრთნის პირობებს.

 

ფოთის საზღვაო აკადემიის პროექტის ბიუჯეტი 6 მილიონი ლარია და მას საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო დააფინანსებს.

 

პროექტის მნიშვნელობაზე პრემიერ-მინისტრი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტებს ესაუბრა.

 

„ჩვენ მთავრობასთან, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ ფოთში გავხსნათ აკადემიის ფილიალი. ეს მართლაც მისალოცი სიახლეა. პირველ რიგში ფოთელებისთვის, ფოთისთვის. დასაწყისში, ეს იქნება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც განთავსდება ისტორიულ შენობაში. ეს შენობა, დღეს სამწუხაროდ შელახულ მდგომარეობაშია, მაგრამ უახლოეს პერიოდში გამოცხადდება ტენდერი და ეს შენობა აღდგება. ეს დღესაც არის ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლი. ერთ წელიწადში ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სარემონტო სამუშაოები დასრულდეს და ბათუმის საზღვაო აკადემიას, ფოთში ექნება ფილიალი. ეს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ახალგაზრდას მისცემს საშუალებას, რომ მიიღოს მაღალი დონის, მაღალანაზღაურებადი და რაც მთავარია, საერთაშორისოდ მოთხოვნადი სპეციალობა. ჩვენი ქვეყნის და ეკონომიკის ყველაზე დიდი გამოწვევა არის სამუშაო ადგილები. მთავრობის ძირითადი ამოცანა არის ხელი შეუწყოს ადამიანებს, ეკონომიკას, ბიზნესს, საგანმანათლებლო დაწესებულებებს, შექმნან ახალი სამუშაო ადგილები. ამავე დროს, ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ გამოვასწოროთ ის დისბალანსი, რომელიც გვაქვს - ჩვენი უმაღლესი სასწავლებლები უშვებენ მათ შორის, ისეთ სპეციალისტებს, რომლებიც შემდგომ ბაზარზე მოთხოვნადი არ არიან.

 

ამისთვის საზღვაო აკადემია არის ყველაზე წარმატებული მაგალითი. თქვენთვის სამსახურის დაწყება პრობლემა არ არის, თან მოგეხსენებათ, რომ დღეს საქართველოში არის სხვადასხვა სპეციალობის 11 ათასამდე მეზღვაური და მათი დიდი ნაწილი, დაახლოებით 50 პროცენტზე მეტი დღეს საზღვარგარეთ მუშაობს და გარდა ამისა, თავისი შრომით ეხმარება თავიანთ ოჯახებს და ქვეყანას. ამიტომ, მაინც მინდა, ჩვენი დღევანდელი სპონტანური შეხვედრის ძირითადი თემა იყოს ფოთი, მინდა მივულოცო ამ აკადემიას, თქვენ, სამეგრელოს რეგიონს მივულოცო და იმ ახალგაზრდებს, რომელთაც ექნებათ საშუალება, მიიღონ საერთაშორისოდ მოთხოვნადი, მაღალანაზღაურებადი სპეციალობა და ასე ემსახურონ თავიანთ ქვეყანას.

 

ფოთის ფილიალი უნდა იყოს უფრო მაღალი დონის პროფესიულ ნაწილში, რამეთუ ახალია. არ ვსაუბრობთ უმაღლეს განათლებაზე. რა თქმა უნდა, უმაღლესი განათლების კომპონენტი ბათუმის აკადემიაში არის ისტორიული, ტრადიციული და ეს გაგრძელდება, თუმცა პროფესიული ნაწილის წამყვანი ძალა უნდა გახდეს ფოთის ფილიალი. მე ვფიქრობ, რომ ეს საზოგადოება ქართველი სანაოსნო სპეციალისტების, მეზღვაურების, კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს და თითოეულ ახალგაზრდას უნდა მივცეთ საშუალება, მიიღოს მაღალი კვალიფიციური განათლება. შეიძლება, თქვენ, როდესაც დაამთავრებთ, შემდეგ მასწავლებლებად მოგვევლინოთ. გისურვებთ წარმატებებს და იცოდეთ, რომ სწავლა-განათლება, ეს არის საამაყო მსახურება პირველ რიგში ქვეყნისთვის და თქვენი ოჯახებისთვის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

მთავრობის მეთაურმა ასევე ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის განახლებული სამანქანე განყოფილების ლაბორატორია დაათვალიერა, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ 500 000 ლარით დააფინანსა. სამანქანე განყოფილების ლაბორატორიის შენობა განახლდა, აღიჭურვა შესაბამისი დანადგარებით და შესაბამისობაში მოვიდა თანამედროვე გემების სამანქანო განყოფილებასთან. განახლდა ელექტროტექნიკის, პნევმატიკის, ჰიდრავლიკის და ელექტროავტომატიკის (FESTO) ლაბორატორიები. აკადემიის სტუდენტებს უკვე ექნებათ შესაძლებლობა, თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული გამოცდილებაც მიიღონ.

 

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში პრემიერ-მინისტრი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელ თამარ იოსელიანთან ერთად იმყოფებოდა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი