logo_geo
ხუთი ქართველი სამხედრო დაშავდა ავღანეთში, ტერაქტის შედეგად
- +

11 დეკემბერი. 2019. 21:59

 

ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ტერორისტული თავდასხმის შედეგად ხუთი ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მე-12 ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეების, კაპრალების - გოჩა მურადაშვილის, სოსო კვინიკაძის და რომან გიუნაშვილის, რიგითი ილია თაყაძის და უფროსი სერჟანტის დავით ბახურაულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათი ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ გამხდარა.

 

მსუბუქი დაზიანებების მიუხედავად, ისინი განაგრძობენ ტერორისტებთან ბრძოლას კოალიციურ ძალებთან ერთად. მიმდინარე ოპერაციას პიდაპირ ეთერში ადევნებენ თვალს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია“, - განუცხადეს „ქრონიკას“ საქართველოს თავდაცვის სამინიტროში. 


უწყების ცნობით,  ოპერაციის დასრულების შემდეგ დამატებით ინფორმაციას გაავრცელებენ.

 

ავღანეთში, ბაგრამის სამხედრო ბაზასთან, აფეთქების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა. ტერორისტმა თავი ბაზასთან ახლოს აიფეთქა, რის შედეგადაც სამედიცინო ობიექტი დაზიანდა, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობისთვის შენდებოდა.

 

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

 

 

 

big_banner
არქივი