logo_geo
ფსიქოლოგი შალვა ამონაშვილი: ჩვენ სკოლიდან ღმერთი გავაძევეთ...
- +

18 დეკემბერი. 2019. 12:12

 

 

15 წლის ლუკა სირაძე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა. მოზარდი 10 დეკემბერს „მწვანე სკოლაში“ მომხდარი ინციდენტის გამო პოლიციამ დაკითხა, შემდეგ კი მან თვითმკვლელობა სცადა – ლუკა კორპუსის მე–9 სართულიდან გადმოხტა.

 

ტრაგედიამ კიდევ მეტი აქტუალობა შესძინა კითხვას – რამდენად სწორად ვახდენთ მოზარდებთან ურთიერთობას? რამდენად დაცულია ბავშვის ინტერესები? სად არის სახელმწიფოს, საზოგადოების, სკოლის, თუ ოჯახის როლი?

 

გაგაცნობთ ბავშვთა ფსიქოლოგის, შალვა ამონაშვილის რამდენიმე საინტერესო მოსაზრებას სკოლაზე, სადაც ბავშვები დროის ძირითად ნაწილს ატარებენ. ლუკა სირაძის ტრაგედიაც ხომ სწორედ სკოლის კედლებიდან, უფრო სწორედ კედლებზე გაკეთებული წარწერებიდან იწყება...

 

შალვა ამონაშვილი, ფსიქოლოგი:

 

„სკოლა დღეს დახურულია. მშობლებს არ გიშვებენ სკოლაში! მიდით და უთხარით მათ, გაგიხსნან სკოლის კარი! დაწერეთ ინტერნეტში, გაზეთებში.

 

მშობლებო! ნუ მოსთხოვთ სკოლას მხოლოდ ცოდნას, გაუმართეთ დიალოგი. ახლანდელი დედებისა და მამების ცნობიერება ძალიან გაფართოებულია. მათ შეიძლება პედაგოგიკაზე გაცილებით დიდი წარმოდგენა ჰქონდეთ, ვიდრე ზოგიერთ მასწავლებელს.

 

ჩვენ სკოლიდან ღმერთი გავაძევეთ! მასწავლებელს ვეკითხებით, როგორ სწავლობს ჩვენი შვილი. არადა, უნდა ვეკითხებოდეთ, როგორი ადამიანი იზრდება ჩემი შვილი?

 

ორიანები და ხუთიანები არ ქმნიან ადამიანს. პირიქით, აუბედურებენ. ხუთიანებზე დამოკიდებული ადამიანი დაღუპულია.

 

ბავშვები არ არიან მოსიარულე ციფრები 1-დან 10-მდე. ნიშნებს არ მიაქციოთ ყურადღება და არ დაიჩაგროთ გული. არც ხუთოსანი შვილით იტრაბახოთ. გავა დრო და ზოგიერთი ოროსანი უფრო წინ წავა, ვიდრე თქვენი ხუთოსანი შვილი.

 

რასაც სკოლა ვერ აძლევს და არ აძლევს მოსწავლეს, იქნება თქვენ მაინც მისცეთ შვილებს ოჯახში. სულიერება, კეთილშობილება, სიმშვიდე, სიხარული, მოთმინება და მომავლისკენ სწრაფვა, იქნებ თქვენ მაინც გაუჩინოთ. იმიტომ რომ სკოლა ამაზე არ აზროვნებს. იქ მხოლოდ ცოდნა, ჩვევები და შესაბამისი ნიშნები.

 

თანამედროვე ბავშვი ვერ ეგუება ძველი ყაიდის მასწავლებელს. ის სულ სხვა გონებრივი და სულიერი განვითარებისაა. მას ცოდნა უდუღს თავში და არ აკმაყოფილებს ჩვენი შეთავაზებული -„აბა, დაფასთან გამოდი!“, „- აბა მაჩვენეთ ასო აააა!“, „-გადავშალოთ საშინაო დავალების რვეულები!“ და ა.შ.

 

ბავშვს ყველაფერი შეუძლია. უსაზღვროა მისი შესაძლებლობები. თუ რამე შეზღუდავს მას, ჩვენი პედაგოგიკაა. აკრძალვების, ჯიჯგვნის პედაგოგიკა. ვზრდით ამ პირობებში და გვინდა ბავშვი ზრდილი და კეთილი გამოგვივიდეს. უნდა გავხსნათ ჩვენი პედაგოგიკისთვის განვითარების ალაყაფი.

 

ბავშვის თვალში მასწავლებელი არ დაამციროთ, მაგრამ მასწავლებელთან გახსენით ანგარიში.

 

ბავშვს ცუდი არ ელაპარაკოთ მასწავლებელზე, მაგრამ როცა პედაგოგთან იქნებით, სთხოვეთ, დაგანახოთ ჰუმანური პედაგოგიკა. აუხსენით, რომ ეს თქვენ გჭირდებათ მის შესაქებად. რომ დაწეროთ მასზე. სთხოვეთ, მოგცეთ ამის შესაძლებლობა.

 

ხშირად უამბეთ შვილს თქვენს მასწავლებელზე, თქვენს ბავშვობაზე, რადგან ის ამ დროს თქვენში თავის თავს ხედავს.

 

გახსოვდეთ, რომ კლასიკური პედაგოგიკა ჰუმანურია!“

წყარო : wyaro
big_banner
არქივი