logo_geo
ფსიქოლოგის შეფასება სუიციდის გაშუქებაზე: ეს ცხოვრება ბავშვების შესაქმნელია, ამაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი
- +

18 დეკემბერი. 2019. 18:11

 

როგორ უნდა გააშუქოს მედიამ სუიციდის ფაქტი და რა რისკებთან არის ეს თემა დაკავშირებული, ამის შესახებ ფსიქოლოგი დავით ანდღულაძე „კვირას“ ესაუბრა.

 

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას დაბალანსებულად მიეწოდოს ინფორმაცია და ამ ყველაფერმა ბიძგი არ მისცეს იმ ადამიანებს, რომელთაც იმავეს ჩადენის განწყობა აქვთ.

 

„რაც ნაკლებად გაშუქდება, ნაკლებად მიეწოდება ინფორმაცია ადამიანს, რომლისთვისაც მცირე ბიძგიც საკმარისია, რომ იგივე გააკეთოს. ბევრია ასეთი ადამიანი, რომელიც სხვადასხვა პრობლემის გამო მზადაა თვითმკვლელობას მიმართოს. მცდელობების უმეტესი ნაწილი მართლაც აღსრულებაზეა მიმართული და არა დემონსტრაციაზე ან მანიპულირებაზე. ამიტომ ნაკლებად გაშუქება, ერთი მხრივ, კარგია. მეორე მხრივ, რომ არ გაშუქდეს საერთოდ, „ჭირი“ რჩება დაფარული და ვერ ეშველება, მაშინ, როცა შესაძლებელია საზოგადოების ზეწოლით თუ სხვადასხვა უწყების ყურადღების მიქცევით რაღაც შეიცვალოს. სუიციდი არ უნდა გაშუქდეს, როგორც გმირობა არავითარ შემთხვევაში, არ უნდა იყოს ეს გამართლებული, არც გმობა და ჭკუის სწავლება უნდა დავუწყოთ გარდაცვლილს, არც ერთ მხარეს უნდა გადავიხაროთ და არც მეორე მხარეს. ამას სჭირდება დიდი პროფესიონალიზმი. პირველ რიგში, სუიციდის ჩამდენი მსხვერპლად უნდა იყოს წარმოჩენილი და არა გმირად.

 

ერთადერთი, რაც ბოლო დღეების განმავლობაში მომხდარი ამბის გაშუქების შესახებ არ მომწონს არის, რომ აპრიორს ამბობენ, ამ მოზარდმა გააკეთა წარწერა, რაც დანამდვილებით არ ვიცით. „ამ ცხოვრების დედაც“ - ეს არის საზოგადოების უმრავლესობის განწყობა, ეს ცხოვრება ჩვენი შესაქმნელია მითუმეტეს მომავალი თაობის, ბავშვების, ამაზე უნდა გაკეთდეს მეტი აქცენტი“, - განაცხადა დავით ანდღულაძემ.

 

როგორც ცნობილია, არსებობს მასობრივი მიბაძვითი სუიციდის ფენომენი, რომელიც თავს იჩენს დროის ერთსა და იმავე მომენტში და ხშირად განპირობებულია მედიის ზეგავლენით. სუიციდის შემთხვევების ხშირი და ინტენსიური გაშუქება ზრდის სუიციდის რისკს გარკვეულ ჯგუფებში, კერძოდ კი, მოზარდებში.

 

დღეს ნებისმიერი ადამიანი შეიძლება გადაიქცეს ახალი ამბების „ავტორად“, დაწეროს, გაიზიაროს და გაავრცელოს ინფორმაცია. ამიტომ, პასუხისმგებლობა არის არა მხოლოდ მედიაზე, არამედ თითოეულ მოქალაქეზე.

 

15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა რამდენიმე დღის წინ სცადა, გუშინ გარდაიცვალა. მისი ოჯახი პოლიციის ზეწოლის ფაქტზე საუბრობს.

 

ლუკა სირაძის საქმეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს. შსს-ს ინფორმაციით, უფლებამოსილება უკვე შეუწყდა 2 პოლიციელს. დაკავებულია საქმის გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი