logo_geo
ნუ მოახდენთ სასოწარკვეთილი ფრაზების ტირაჟირებას, ბავშვებზე იფიქრეთ - ფსიქოლოგები და ფსიქიატრები საზოგადოებას მიმართავენ
- +

21 დეკემბერი. 2019. 12:36

 

„სასოწარკვეთილი ფრაზების ტირაჟირება ხდება და არ ვფიქრობთ, რა რეაგირება ექნებათ ამაზე გარდატეხის ასაკში მყოფ ბავშვებს“, – ამის შესახებ ფსიქოლოგებმა და ფსიქიატრებმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე  განაცხადეს.

 

მათ მედიას და საზოგადოებას მოუწოდეს, 15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეს განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ.

 

ფსიქოლოგები საზოგადოებას სთხოვენ, მსგავსი წარწერების ტირაჟირების ნაცვლად, მეტი დრო დაუთმონ მოზარდებს და მათი პრობლემები მოისმინონ.

 

ამასთან, ისინი მოითხოვენ სისტემურ, ძირეულ ცვლილებებს, მათ შორის სკოლებში, რათა მომავალში ტრაგედიების თავიდან აცილება მოხდეს.

 

„უნდა ვიფიქროთ, ეს ემოცია რა შედეგს მოიტანს. ხდება სასოწარკვეთილი ბავშვის წარწერის ტირაჟირება და არ ვფიქრობთ, რა რეაგირება ექნებათ ამაზე გარდატეხის ასაკის ბავშვებს, რომლებიც ძალიან რეაქტიულები არიან. ძალიან დიდი თხოვნა მაქვს საზოგადოებისთვის, უნდა ვიფიქროთ ბავშვებზე, რომლებსაც ასეთ ცხოვრებაში იგივე პრობლემები აქვთ, რაც ზრდასრულებს, თუმცა ამას გაცილებით მტკივნეულად აღიქვამენ. უნდა ვიმსჯელოთ იმაზე, რომ ეს მანკიერი წრე შევცვალოთ, როდესაც ახალგაზრდები იკლავენ თავს და კლავენ ერთმანეთს. ბავშვებს ადარდებთ ის, რომ პატივს არ სცემენ და მათ ღირსებას ლახავენ. მათ სურთ აღიარება. ერთმანეთის დადანაშაულებაზე კი არა, პრევენციულ ღონისძიებებზე უნდა დავიწყოთ საუბარი. ამ პრობლემას სისტემური მიდგომა უნდა. ფსიქოლოგიური სამსახურები და სოციალური მუშაკები არიან საჭირო. მედიასაც აქვს ამაში როლი, დილა იწყება ძალადობით. ვთხოვთ ყველას – ნუ ხდება ტირაჟირება და პერფორმანსირება სასოწარკვეთილი ფრაზების, ქულების ჩაწერა ამ უბედურებით, ძალიან უხერხულია“, – განაცხადა ფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ.

 

ფსიქოლოგი ლია ოკრიბელაშვილი სკოლებში გარკვეული რეგულაციების შემოღების საკითხს აყენებს, რომლებიც მთელი საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა იყოს.

 

„აღნიშნული ფრაზის გაზიარება ხშირად სპონტანურად და ემოციურად ხდება. მიმაჩნია, რომ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ის გამოცდილებები, რაც წარმატებულ საზოგადოებას აქვს. გარკვეული რეგულაციები უნდა შევიდეს სკოლებში და ამის შესახებ საზოგადოებამ უნდა იცოდეს. მაშინ საზოგადოება მოითხოვს ამ რეგულაციების აღსრულებას. ყოველთვის არის საშუალება, დავიწყოთ საუბარი ჩვენს პრობლემებზე. თანაგრძნობას ვუცხადებთ ლუკას ოჯახს და ყველას ვთხოვ, ისეთი განცხადებების ტირაჟირება არ მოვახდინოთ, რომელიც ემოციურად მძიმეა“, – განაცხადა ოკრიბელაშვილმა.

 

ბავშვთა ფსიქიატრის დავით ზურაბაშვილის თქმით, ბავშვი სუიციდისკენ ნაბიჯს დგამს მაშინ, როდესაც ის არის ჩიხში, თავს გრძნობს მარტო და წინ ხედავს კედელს.

 

„ერთადერთი, რამაც შეიძლება, შემოატრიალოს ბავშვი, არის ის, რომ ესაუბროს სხვას. როგორც კი ჩვენ დავინახავთ ჩაფიქრებულებს, ნუ მოგვერიდება, ჩავეხუტოთ, მოვეფეროთ, ეს არის გზა მისი გახსნის. ეს ბავშვი რომ მარტო არ ყოფილიყო და ჰქონოდა გზა ჩახუტების, ჩვენ ამ თემას ავცდებოდით“, – განაცხადა დავით ზურაბაშვილმა პრესკონფერენციაზე.

 

კიდევ ერთი ფსიქოლოგის, ნატა მეფარიშვილის განცხადებით, ის ბავშვებთან მუშაობის დროს, აწყდება პრობლემას, რომ სისტემა არ მუშაობს. ამასთან, მიიჩნევს, რომ ფსიქოლოგებისა და ფსიქიატრების როლი  გასაძლიერებელია.

 

„ეს იქნება ჩვენთვის გაკვეთილი. ამ შემთხვევამ გვაჩვენა, რომ სისტემა არ მუშაობს არანაირ დონეზე. სისტემა უნდა შეიქმნას. მე მხვდება მუშაობისას უსისტემობასთან შეჯახება. ფსიქოლოგების და ფსიქიატრების როლი არის გასაძლიერებელი“, – განაცხადა ნატა მეფარიშვილმა.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი