logo_geo
„აბაშიდან ლევილამდე - კოლხური ოდის ფრანგული მომავალი“
- +

6 მარტი. 2017. 02:16



ჩუქურთმიანი აივანი ორნამენტული სვეტებით, - ეს მეგრული ოდა-სახლის დამახასიათებელი ელემენტია. აბაშის ცენტრიდან სულ რაღაც 7 წუთის სავალზე, ჭანტურიების სახლ-კარს მივადექით. უკანა ეზოს, რომელშიც ადრე ბაღი უნდა ყოფილიყო, მწვანე ღობე გასდევს, ღობეს კი - ჭადრების ზოლი. ეზოში ხის ოთხი ნაგებობაა: საცხოვრებელი სახლი, სამზარეულო, ნალია და ბეღელი.


ისტორიული ცნობების თანახმად, ოდა-სახლი მე-19 საუკუნეშია აგებული. მას შემდეგ რაც ლევილის მამული საქართველოს სახელმწიფოს საკუთრებაში გადაეცა, კულტურის სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ იქ მეგრული ოდა დადგას. ჭანტურიების სახლი კი ერთ-ერთია, რომელსაც ლევილში წასაღებად განიხილავენ.



როგორც გავარკვიეთ კოლხური ოდა-სახლები ყველაზე მეტი აბაშაშია შემორჩენილი. ვიდრე ჭანტურიების სამოსახლოს მივადგებოდით, გზად აბაშის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ქურდოვანიძე შემოგვიერთდა, სწორედ მასთან ერთად მუშაობს კულტურის სამინისტრო ლევილის მამულში ქართული კულტურის ცენტრისთვის მეგრული ოდა-სახლების შერჩევაზე.


„დამიკავშირდა ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე დავით ლომიტაშვილი და მითხრა, რომ არის პროექტი ლევილში ჩაიდგას ქართული ეთნოგრაფიული კუთხე და ამისათვის ეძებდნენ კარგ სანიმუშო მეგრულ ოდას. შევარჩიეთ რამდენიმე. თუ საბოლოოდ გადაწყდება, რომ ლევილში დაიდგას მეგრული ოდა, მაშინ დაიშლება შერჩეული ერთი ოდა, შეიძლება მას დასჭირდეს სხვა, მეორე ოდის გარკვეული დეტალების დამატება და აიგება ერთი ტიპიური ქართველი კაცის - კოლხი, მეგრელი კაცის საცხოვრისი. თან, საინტერესოა და სასიხარულო, რომ ევროპის ცივილიზაციის შუაგულში იქნება ჩვენებური ოდა", - გვითხრა პაატა ქურდოვანიძემ.



ქურდოვანიძე ამბობს, რომ ამ დროისათვის აბაშაში შემორჩენილია ერთადერთი, მე-19 საუკუნის მეგრული ოდა, რომელიც კრამიტით არის გადახურული, უფრო ადრეულ პერიოდში კი კოლხეთში ყავრით და ისლით ხურავდნენ.

 

„არცერთი ოდა არ იდგმებოდა გაუაზრებლად, ყველაფერი ზუსტად იყო გათვლილი, ქარი საიდან უბერავს, კლიმატური პირობები როგორია. სახლებს ისე აშენებდნენ, რომ ადამიანს ჯანმრთელი ცხოვრებით ეცხოვრა. ამ სვეტების თითოეული ჩუქურთმა იშიფრება და მასში იკითხება მეგრელი გლეხის დამოკიდებულება ბუნებისადმი", - ამბობს პაატა ქურდოვანიძე.


მისი აზრით, სვანური მაჩუბის მსგავსად, მეგრულ ოდასაც უნდა მიენიჭოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. საკრებულოს თავმჯდომარის სურვილია, რომ აბაშაში, ღია ცის ქვეშ გაკეთდეს ეთნოგრაფიული მუზეუმი.


„თავის დროზე დიდი საქმე გააკეთა აკადემიკოსმა გიორგი ჩიტაიამ, როცა კავკასიაში პირველი ეთნოგრაფიული მუზეუმი დაარსა თბილისში, მაგრამ ყველაფერი ერთ ქალაქში ხომ ვერ იქნება. თუ ვნახავთ ცივილური ქვეყნების პრაქტიკას, დღეს ყველა ქვეყანაში არის ღია ცის ქვეშ მუზეუმების პატარ-პატარა ფილიალები. კარგი იქნება თუ ჩვენც გავაკეთებთ, რათა ვიცოდეთ, როგორ ცხოვრობდა ჩვენი წინაპარი, რა იყო მისი იდეალი", - აღნიშნა პაატა ქურდოვანიძემ.



თუკი კულტურის სამინისტრო საბოლოოდ გადაწყვეტს, ხის მეგრული ნაგებობა აბაშიდან ლევილში წაიღოს, პაატა ქურდოვანიძე ამბობს, რომ ოდას საზეიმოდ გააცილებენ პარიზში.


 

 

 

 

წყარო: www.livepress.ge

 

 

 

 

 

big_banner
არქივი