logo_geo
მშობიარე ქალის და პატრულის უჩვეულო ისტორია – რა მოხდა ფონიჭალის გზაზე
- +

4 იანვარი. 2020. 23:54

 

ფონიჭალიდან თბილისში მომავალ წყვილს უჩვეულო ისტორია გადახდა თავს. მამაკაცს ფეხმძიმე მეუღლე სამშობიარო ტკივილებით კლინიკაში მიჰყავდა, თუმცა ქალბატონს გზაში პროცესები დაუჩქარდა, რის გამოც, სამედიცინო დაწესებულებამდე გზის გაგრძელება ვეღარ შეძლეს. მეუღლემ, პავლე ლაბაძემ ავტომანქანა გააჩერა, დახმარება კი, იქვე მყოფ ხალხს და გზაზე მოძრავ პატრულის თანამშრომლებს სთხოვა. მთაწმინდა-კრწანისის საპატრულო ეკიპაჟმა, მშობიარე ქალბატონს პირველადი დახმარება ადგილზევე აღმოუჩინა, შემდეგ კი, წყვილი კლინიკამდე ესკორტით მიაცილა. ახალშობილის მამამ პატრულის თანამშრომლებს და კლინიკის ექიმებს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

 

„არასდროს დამავიწყდება ეს დღე. უჩვეულო სიტუაცია შემექმნა. გზაში მეუღლეს მშობიარობის პროცესები დაუჩქარდა. თავიდან ცოტა დავიბენი, მაგრამ, შემდეგ მოვისაზრე და გზად მიმავალ მანქანებს დახმარებისთვის მივმართე, მათ შორის პატრულს… რა თქმა უნდა, გულისხმიერად მოიქცნენ, პირველადი დახმარება ადგილზე აღმოგვიჩინეს, შემდეგ კი ესკორტით გაგვაცილეს… საახალწლო დღეებია და მოგეხსენებათ, გზა გადატვირთულია, რომ არა ისინი კლინიკაში დროულად ვერ მივიდოდით, სიტუაციაც უფრო გართულდებოდა. მადლობა მათ და ყველას, ვინც დაგვეხმარა”, - განაცხადა პავლე ლაბაძემ.

 

​​როგორც “კვირას” კლინიკის ექიმებმა განუცხადეს, მშობიარობამ კარგად ჩაიარა და დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს.

 

„დაიბადა ვაჟკაცი. მშობიარობამ გართულებების გარეშე ჩაიარა. პატარა სრულიად ჯანმრთელია, დედაც თავს კარგად გრძნობს. ისინი ამ დროისთვის პალატაში იმყოფებიან. შექმნილი ექსტრემალური სიტუაციის მიუხედავად, დამატებითი ჩარევა არ დაგვჭირდა. დედა-შვილი სამშობიაროს რამდენიმე დღეში დატოვებენ”, - განაცხადა კლინიკის ექიმმა.

 

მშობიარობის შემდეგ, კლინიკაში ახალშობილი პატრულის ეკიპაჟის თანამშრომლებმა მოინახულეს. ეკიპაჟის წევრის, გურამ დოლიძის თქმით, მათ მიერ გაწეული სამსახური განსაკუთრებული ქმედება არ ყოფილა და ისინი მუდამ მზად არიან მოქალაქეებს დაეხმარონ.

 

„დაგვხვდა ასეთი სიტუაცია, რომ ქალბატონს ნაადრევი მშობიარობა ჰქონდა დაწყებული. სასწრაფო ფიზიკურად ვერ ახერხებდა მოსვლას, ამიტომ ჩვენ პატრულის ეკიპაჟები ჩავუდექით სათავესა და ბოლოში და ასე გავაცილეთ საავადმყოფომდე. გვიხარია, რომ დედაც და შვილიც თავს კარგად გრძნობენ და ყველაფერი ასე კარგად დამთავრდა”, -განაცხადა პატრულის თანამშრომელმა, გურამ დოლიძემ.

 

​პატარას ნიკოლოზი დაარქვეს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი