logo_geo
ყოფილი მეუღლის მიმართ შესაძლო მუქარის ფაქტზე ბრალდებულ ღვთისმსახურს სინანულისთვის მონასტერში გაგზავნიან
- +

11 იანვარი. 2020. 17:03

 

 

სასულიერო პირს, ლაშა ჩიქოვანს, რომელიც ყოფილი მეუღლის მიმართ შესაძლო მუქარის ფაქტზეა ბრალდებული, სინანულისთვის მონასტერში საცხოვრებლად გაგზავნიან. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განუცხადა.

 

„სინანულისთვის მონასტერში ცხოვრება განეწესება. უახლოეს პერიოდში განისაზღვრება, თუ რომელ მონასტერში დაჰყოფს და რამდენს ხანს“, - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

 

ყოფილი მეუღლის მიმართ შესაძლო მუქარის ფაქტზე ბრალდებულ სასულიერო პირს, ლაშა ჩიქოვანს აღკვეთის ღონისძიების სახით 3000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

 

ლაშა ჩიქოვანს ნინო ჩიქოვანის (გორგოშიძის) მიმართ განხორციელებული შესაძლო მუქარის ფაქტზე ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

 

ცნობისთვის, ნინო ჩიქოვანმა(გორგოშიძემ) 5 იანვარს სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ის თავის ყოფილ მეუღლეს, სასულიერო პირს, რომელიც სვანეთისუბანში წმინდა მოწამე არჩილისა და ლუარსაბის ტაძარში მსახურობს, ძალადობაში ადანაშაულებს. ამასთან, სასულიერო პირის ყოფილი მეუღლე აცხადებდა, რომ ის ქორწინების დღიდან ძალადობის მსხვერპლი იყო როგორც მეუღლის, ასევე მამამთილის მხრიდანაც, რომელიც ასევე სასულიერო პირია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი