logo_geo
„ევროპის საუკეთესო მიმართულებები 2020“-ის გამოსავლენად ხმის მიცემა დაიწყო
- +

15 იანვარი. 2020. 21:51

 

 

თბილისი „ევროპის საუკეთესო მიმართულებები 2020“-ში (EBD) მონაწილეობს. საერთაშორისო კონკურსისთვის რვა ფოტოგრაფის მიერ გადაღებული ფოტოები შეირჩა, დღეიდან კი, ხმის მიცემის პროცედურა დაიწყო და 5 თებერვლამდე (14:59 საათამდე)  გაგრძელდება.

 

როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს, დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა,  2020 წლის ევროპის საუკეთესო მიმართულების კონკურსში თბილისის კონკურენტები იქნებიან: ლონდონი, ვენა, ათენი, რომი, ამსტერდამი, პრაღა, ბრიუსელი, კრაკოვი, პარიზი, ვალენსია, ლუგანო და ა.შ.  

 

რამდენიმე თვის წინ, მთავრობის სხდომაზე ვისაუბრეთ, რომ ჩვენი დედაქალაქი ევროპის საუკეთესო მიმართულებების კონკურსში მონაწილეობს. ამისათვის საჭირო იყო თბილისის ფოტოები სხვადასხვა უბნიდან, ლოკაციიდან. შევარჩიეთ რვა ფოტოგრაფის მიერ გადაღებული ფოტოები და მინდა მათ მადლობა გადავუხადო “, – განაცხადა კახა კალაძემ.  

 

მისივე თქმით, ამ კონკურსში გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია და ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა თბილისის ტურისტული პოპულარიზაციისთვის.

ყველა პლატფორმა უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქალაქი გახდეს ყველაზე მიმზიდველი, პოპულარული. ყოველწლიურად იზრდება ტურისტების რაოდენობა, რაც მისასალმებელია და რა თქმა უნდა, ეს ჩვენს ეკონომიკაზე, ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაზე აისახება“, - განაცხადა მერმა.

 

როგორც კალაძე ამბობს, შემთხვევითი არ არის, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი ვითარდება, იხსნება ახალი სასტუმროები, ჰოსტელები, კაფე-ბარები. იქმნება ახალი სამუშაო ადგილები, ადამიანებს ეძლევათ ახალი შესაძლებლობები.  

მთელ მსოფლიოს ვაჩვენოთ, თუ როგორი მაგარი ქვეყანა ვართ, როგორი მაგარი ქალაქია თბილისი, როგორი მაგარი ხალხი ვართ, როგორი სტუმარ-მასპინძლობა ვიცით, როგორი კულტურა და ტრადიციები გვაქვს. ეს ყველაფერი უნდა წამოვწიოთ წინ, რადგან ეს არის ის, რითაც ვამაყობთ და რაზეც დგას ჩვენი ქვეყანა. მაქსიმალურად უნდა ვაჩვენოთ ეს მსოფლიოს, რათა ყველას მიეცეს შესაძლებლობა, ერთხელ მაინც ესტუმროს საქართველოს, თბილისს. ადამიანები, რომლებიც ერთხელ მაინც ყოფილან აქ, აუცილებლად ბრუნდებიან თავის მეგობრებთან ერთად“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

კონკურსზე ხმის მისაცემად შესაძლებელია სპეციალური ლინკზე:  www.vote.ebdest.in  ერთი IP-მისამართიდან შვიდ დღეში ერთხელ, ყოველგვარი რეგისტრაციის გარეშე, ნებისმიერი ქვეყნიდან. ამასთანავე, კონკურსზე თბილისის მხარდასაჭერად შექმნილია სპეციალური ჰეშთეგიც: #ვოტეფორტბილისი.

 

 

big_banner
არქივი