logo_geo
თბილისსა და მის შემოგარენში მოთოვა
- +

17 იანვარი. 2020. 12:44

 

 

თბილისის შემოგარენში მოთოვა. როგორც საქართველოს პირველ არხს გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელმა, სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, მცირე თოვა და თოვლ-ჭყაპი აღინიშნა წუხელ თბილისის გარეუბნებშიც.

 

მისივე თქმით, დედაქალაქსა და მის გარეუბნებში თოვლ-ჭყაპი დღესაც მოსალოდნელია.

 

„თბილსერვის ჯგუფის“ ინფორმაციით, გასულ ღამეს 80 ტონა ტექნიკური მარილი დაიყარა წყნეთში, კიკეთში, ახალდაბაში, სამადლოში, დიდებაში, ბეთანიაში, ასევე კოჯორში, ტაბახმელაში, შინდისში, წავკისსა და ოქროყანაში. მათივე განცხადებით, მოძრაობის მხრივ ამ მონაკვეთებზე არანაირი შეფერხება არ ყოფილა.

 

ამასთან, სინოპტიკოსის ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით ყველაზე დიდი თოვლი წუხელ საგარეჯოში, თელავსა და დედოფლისწყაროში მოვიდა.

 

რაც შეეხება მთის კურორტებს, სვეტლანა ნიორაძის თქმით, გუდაურსა და ბაკურიანში მცირე თოვლია და მნიშვნელოვანი ნალექი არც უახლოეს დღეებში მოსალოდნელი არ არის. შედარებით დიდი თოვლია მესტიასა (24 სანტიმეტრი) და ხულოში (53 სანტიმეტრი).

 

სვეტლანა ნიორაძის ინფორმაციით, თბილისში ამაღამ თოვა შეწყდება და ყინვა გაძლიერდება, კვირას კი, კვლავ თოვლ-ჭყაპი და მცირე თოვაა მოსალოდნელი.

 

ნიორაძის განცხადებით, იანვრის მსგავსად, თბილი ამინდებია მოსალოდნელი თებერვალში მთელ საქართველოში. კერძოდ, მისი თქმით, მომდევნო თვეში ნორმაზე 1-2 გრადუსით მაღალი ტემპერატურაა ნავარაუდევი. დასავლეთ საქართველოში კი, თებერვალში გარკვეულ დღეებში ტემპერატურა +20 გრადუსსაც მიაღწევს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი