logo_geo
ამირან გამყრელიძე: ბოლო ერთ კვირაში 100 000 მოსახლეზე გრიპის 216 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ჰოსპიტალიზაცია 5%-ითაა გაზრდილი
- +

20 იანვარი. 2020. 15:08

 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ბოლო ერთ კვირაში 100 000 მოსახლეზე გრიპის 216 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, წინა კვირასთან შედარებით ჰოსპიტალიზაცია 5%-ითაა გაზრდილი. ამის შესახებ გამყრელიძემ გრიპის ეპიდსიტუაციის მიმდინარეობისა და კორონავირუსის შესახებ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„გრიპისა და გრიპის მსგავსი რესპირატორული ინფექციების ახალი შემთხვევების რაოდენობა 100 000 მოსახლეზე გვაქვს 216. წინა კვირაში გვქონდა - 219. წინა კვირისგან განსხვავებით დაახლოებით 5%-იანი მატება გვაქვს ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის.

 

ჰოსპიტალიზაცია მძიმე რესპირატორული ინფექციებით, რაც ალბათ ბავშვთა კონტინგენტის ხარჯზეა“, - აცხადებს გამყრელიძე.

 

მისივე თქმით, წელს გასულ წელთან შედარებით 2,5-3-ჯერ მეტი ადამიანი აიცრა.

 

„სახელმწიფოს მიერ 97 000 მაღალი რისკის ჯგუფის ადამიანს ჩატარებული აქვს ვაქცინაცია და ასევე წელს კერძო სექტორმაც გააორმაგა და დაახლოებით 30 000 ადამიანია აცრილი ნებაყოფლობით“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

 

მისივე განცხადებით, 30 დეკემბრიდან გრიპის საწინააღმდეგო პრეპარატი ფინანსურად ხელმისაწვდომი გახდა ორსულებისა და სოციალურად დაუცველებისთვის. ამ დროისთვის, 338 ადამიანმა მიიღო „ტამიფლუ“ და პრეპარატის მარაგი საკმარისია ქვეყანაში.

 

ამასთან, მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის გრიპის ვირუსით გარდაცვალების ორი შემთხვევაა დაფიქსირებული.

 

 

 

big_banner
არქივი