logo_geo
რევაზ აფხაზავა: თუ განათლება არის ქვეყნის პრიორიტეტი, მის პოლიტიკას უნდა ახორციელებდეს განათლების სამინისტრო და არა სფეროთა კონგლომერატი
- +

20 იანვარი. 2020. 15:49

 

„თუ ქვეყანაში განათლება არის პრიორიტეტი, მნიშვნელოვანია, განათლების პოლიტიკას ახორხციელებდეს განათლების სამინისტრო და არა სფეროთა კონგლომერატი. ეს უნდა იყოს მოქნილი ორგანიზაცია, რომელიც კონკრეტულ შეფასებებსა და კვლევებზე დაყრდნობით, მიიღებს გადაწყვეტილებას, ერთიანი განათლების პოლიტიკის განსახორციელებლად“, - ამის შესახებ განათლების მკვლევარმა რევაზ აფხაზავამ „ქართულ აზრთან“ საუბრისას განაცხადა.  

 

მკვლევარი განათლების სფეროს სხვა უწყებებისგან განცალკევების აუცილებლობაზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ შეუძლებელია, ერთმა ადამიანმა მიიღოს ეფექტიანი გადაწყვეტილება, რამდენიმე მიმართულებით: 

 

„თავიდანვე, ამ უწყებების შეერთებისას, ვამბობდი, რომ მნიშვნელოვანია, განათლების მიმართულებით პოლიტიკას ახორციელებდეს განათლების სამინისტრო და არა სფეროთა კონგლომერატი, მით უფრო, როდესაც ეს სფერო ქვეყნის პრიორიტეტად განიხილება. სერიოზული გამოწვევების წინაშე ვდგავართ ამ მიმართულებით და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განათლების პოლიტიკის გამტარებელი უფრო მოქნილი და კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული ორგანო იყოს. მე ვთვლი, რომ კი არ უნდა გამსხვილებულიყო განათლების სამინისტრო,  პირიქით, მაქსიმალურად უნდა გარდაქმნილიყო უფრო მოქნილ ორგანიზაციად, რომელიც იქნებოდა პასუხისმგებელი განათლების პოლიტიკის არა მხოლოდ შემუშავებაზე, არამედ, გატარებაზე. ასევე, აღარც დამატებით სერვისები და მომსახურება იქნებოდა მისი ფუნქცია და დეცენტრალიზაციის ფარგლებში მოხდებიდა ამ სერვისების გატანა, გარე აქტივობების განვითარება, რაც არის განათლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ამ შემთხვევაში, სამინისტრო კონკრეტულ შეფასებებსა და კვლევებზე დაყრდნობით, მიიღებდა კონკრეტულ გადაწყვეტილებას, ერთიანი განათლების პოლიტიკის განსახორციელებლად. ჩვენ გვაქვს ისეთი სამინისტროები, სადაც უშუალოდ მინისტრები იღებენ გადაწყვეტილებას, პოლიტიკასთან დაკავშირებით და ეს აბსოლუტურად არასწორია. ამ შემთხვევაში კი, შუძლებელია, ერთი ადამიანი იღებდეს ეფექტიან გადაწყვეტილებას როგორც განათლების, ასევე კულტურისა და სპორტის მიმართულებით“, - განაცხადა აფხაზავამ.

 

მისივე განმარტებით, განათლების სამინისტროს არა მხოლოდ კულტურის, არამედ სპორტის სფეროც უნდა გამოეყოს და ქვეყნის პრიორიტეტად მიჩნეული განათლების სფერო კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული უნდა გახდეს.  

„ჩემი აზრით, სპორტის, კინოს, თეატრის და ფეხბურთის სამინისტრო საერთოდ არ უნდა არსებობდეს. სპორტის სამინისტროს ძირითადი ფუნქცია არის თანხების განაწილება ფედერაციებზე და მათი მხარდაჭერა. ასეთი ტიპის საქმიანობა კი, თავისუფლად შეუძლია განახორციელოს მცირე ფონდმა, რომელიც მიიღებს სახელმწიფო დაფინანსებას და გაანაწილებს თანხებს ფედერაციების მიხედვით. თუ პრიორიტეტების წახალისება უნდათ, ფონდსაც შეუძლია დაფინანსების განაწილება.

 

განათლების სამინისტრო უნდა განიტვირთოს. მისი საქმეა საზოგადოების ჩართულობით და მაღალი ლეგიტიმაციით, განათლების პოლიტიკის შემუშავების მხარდაჭერა, ამ პროცესის უზრუნველყოფა და განხორციელება“, - განაცხადა მკვლევარმა.  

 

შეგახსენებთ, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან, განათლებისა და კულტურის სფეროს გაცალკევებასთან დაკავშირებით მთავრობაში შეთანხმებას მიაღწიეს. უწყებების გამოყოფის პროცესი თებერვალში დაიწყება. რაც შეეხება სპორტის მიმართულებას, ის სამინისტროს ჯერჯერობით არ გამოეყოფა. 

 

 

big_banner
არქივი