logo_geo
დღეს, ალექსანდრე ყაზბეგის დაბადების დღეა
- +

20 იანვარი. 2020. 15:55

 

დღეს ქართველი მწერლისა და დრამატურგის, ალექსანდრე ყაზბეგის დაბადებიდან 172 წელი შესრულდა. ალექსანდრე ყაზბეგი 1848 წლის 20 იანვარს სტეფანწმინდაში დაიბადა. 


ალექსანდრე მშობლებმა  თბილისში ჯერ ჰაკეს, შემდეგ კანონიჩის პანსიონში მიაბარეს. 1863 წლიდან სწავლობდა კლასიკურ გიმნაზიაში, 1867-1870 წლებში - მოსკოვის სამეურნეო აკადემიაში. 


1879 წლამდე მეცხვარედ იყო და ზედმიწევნით გაეცნო მოხევეთა ყოფას, გლეხი ხალხის სატკივარს, მეფის ხელისუფალთა და ხალხის ურთიერთობას და ეს პერიოდი ასახა თავის მოთხრობაში „ნამწყემსარის მოგონებანი“. 

 

1879 წლიდან თბილისში ცხოვრობდა და თეატრში მუშაობდა. პირველი მოთხრობა  „ციცკა“ 1880 წელს გამოაქვეყნა. თანამშრომლობდა გაზეთ „დროებასა“ და ილია ჭავჭავაძის „ივერიაში“.  1881წელს „დროებაში“ დაიბეჭდა „ელგუჯა“, რომელმაც იმთავითვე დიდი მწერლის სახელი მოუპოვა. ამას მოჰყვა მოთხრობები და რომანები „ელისო“, „მამისმკვლელი“, „ციკო“, „განკიცხული“, „ხევისბერი გოჩა“, „მოძღვარი“.

 

ალექსანდრე ყაზბეგი ქართული კრიტიკული რეალიზმის მიმდევარი და ქართველი „სამოციანელების“ ტრადიციათა გამგრძელებელი იყო. მწერალი კარგად იცნობდა საქართველოს მთიანეთის ისტორიასა და ეთნოგრაფიას, მოხევეთა სულისკვეთებას, რაც წარმოჩნდა მის როგორც მხატვრულ, ისე ეთნოგრაფიულ-პუბლიცისტურ ნაწარმოებებში.  

 

1886-1887 წლებში მძიმედ დაავადდა, 1890 წლიდან ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იწვა, 1893 წლის 22დეკემბერს კი გარდაიცვალა. ყაზბეგის ცხედარი თბილისიდან ხევს წაასვენეს, ხოლო 22 დეკემბერს სოფელ სტეფანწმინდაში მიაბარეს მშობლიურ მიწას.

სიკვდილის შემდეგ კი შეინანა საზოგადოებამ, მის კუბოს მზე და მთვარეც დააყარეს, მაგრამ რაღა დროს? – სინანულით წერდა აკაკი წერეთელი. 

 

 

big_banner
არქივი