დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ჩინეთში ატიპიური პნევმონიის შემთხვევები დაფიქსირდა.
როგორც ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველოში აღნიშნული ვირუსის გავრცელების საფრთხე არ არსებობს. მისი თქმით, ამ დროისთვის, ჩინეთში ატიპიური პნევმონიის 41 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც ორი გარდაცვალებით დასრულდა.
„ჩვენთან შემოტანის რისკი ძალიან მინიმალურია, იმიტომ, რომ ჩვენთან პირდაპირი ფრენა იმ პროვინციიდან, რომელშიც ეს შემთხვევებია დაფიქსირებული, არ არის. ვმუშაობთ გეგმაზე, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციებით იქნება მოწოდებული. ამ ეტაპზე საშიშროება არც თეორიული და არც პრაქტიკული, რომ ქვეყანაში ვირუსი იქნეს იმპორტირებული, არ არსებობს.
ამირან გამყრელიძის ცნობით, ატიპიური პნევმონიის შემთხვევა ტაილანდსა და იაპონიაშიც დაფიქსირდა. მისი თქმით, ეს ის ქვეყნებია, რომლებსაც პირდაპირი ფრენები აქვთ ჩინეთში, ჰუბეის პროვინციაში.
„უკვე ექსპორტირებულია რამდენიმე შემთხვევა სხვა ქვეყნებში, ტაილანდსა და იაპონიაში, რომელთაც პირდაპირი ფრენები აქვთ ამ პროვინციის დედაქალაქში. კორონავირუსი ცნობილი ჯგუფია, რომელმაც უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, ორი სერიოზული ეპიდაფეთქება გამოიწვია. 41 შემთხვევაა დადასტურებული და აქედან ორი დამთავრდა ლეტალურად“, - აღნიშნა ამაირან გამყრელიძემ.