logo_geo
საავტომობილო გზებზე ე.წ. „შავი წერტილები“ განისაზღვრება - ადგილები, სადაც ავარია ხშირად ხდება
- +

21 იანვარი. 2020. 15:01

 

 

საქართველოს საავტომობილო გზებზე ე.წ. „შავი წერტილები“, ანუ ის ადგილები განისაზღვრება, სადაც ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები.

 

ავარიების შედეგად საქართველოში ბოლო 10 წლის განმავლობაში, ჯამში, 7 ათასამდე ადამიანი დაიღუპა, ხოლო 90 ათასამდე ადამიანმა სხეულის დაზიანება მიიღო.

 

ოფიციალური ინფორმაციით, 2018 წელს საქართველოში დაფიქსირდა 6 452 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, რამაც გამოიწვია 459 ადამიანის დაღუპვა და 9 048 სხეულის მძიმე დაზიანება. ამასთან, 2019 წლის 11 თვის (იანვარი-ნოემბერი) მდგომარეობით, დაფიქსირებულია 5 330 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, რამაც გამოიწვია 427 ადამიანის დაღუპვა და 7 291 სხეულის მძიმე დაზიანება.

 

კანონპროექტის მიხედვით, ცვლილება შედის „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში. კანონს ემატება ახალი 261-ე მუხლი (შავი წერტილების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა), რომელშიც მოცემულია „შავი წერტილის“ განმარტება, ასევე, შავი წერტილის იდენტიფიცირებასა და მის შესახებ ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებით უწყებების მოვალეობები და შავი წერტილების აღმოფხვრისათვის წესების შემუშავებისა და ღონისძიებების განხორციელების ვალდებულებები.

 

განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ცვლილების მიზანია საგზაო ქსელში შავი წერტილების განსაზღვრა და სახელმწიფოს მხრიდან მათი აღმოფხვრისთვის საკმარისი საკანონმდებლო საფუძვლის შექმნა: „საკანონმდებლო ცვლილების პროექტი შემუშავებული იქნა იმ რეკომენდაციების შესაბამისად, რომლებიც წარმოდგენილი იყო მსოფლიო ბანკის საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის გლობალური მექანიზმის მიერ გამოყოფილი გრანტის ფარგლებში უცხოელი ექსპერტის, ჯეიმს ჰოლგატის მიერ შესრულებულ ანგარიშში „შავი წერტილების იდენტიფიცირების სახელმძღვანელო და სათანადო ზომების გატარება საქართველოში“.

 

მთავრობის განმარტებით, ინფორმაცია გზებზე არსებული სახიფათო მონაკვეთების შესახებ მუშავდება უწყვეტად, კანონპროექტის მიღების შედეგად კი, განხორციელდება აღნიშნული პროცესის ფორმალიზება იმ განმარტების შესაბამისად, რომლითაც განისაზღვრება „შავი წერტილი“.

 

ამასთან, კანონპროექტით განისაზღვრება:

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხისმგებლობა შავი წერტილების იდენტიფიცირების მიმართულებით და აღმოჩენილი შავი წერტილის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება სახელმწიფო (საავტომობილო გზების დეპარტამენტი) ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისთვის, მათი გამგებლობის სფეროსთვის მიკუთვნებული საავტომობილო გზის მიხედვით.

სახელმწიფო ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები კი, აღნიშნულ ანალიტიკურ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მათი გამგებლობის სფეროსთვის მიკუთვნებული საავტომობილო გზების მიხედვით და მათთვის განკუთვნილი საბიუჯეტო ასიგნირების პირობებში განახორციელებენ შესაბამის ღონისძიებებს შავი წერტილის აღმოფხვრის და მასზე უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფის მიზნით, რაც შესაძლოა გულისხმობდეს როგორც შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელებას, აგრეთვე სხვა მოკლევადიანი ღონისძიებების დაგეგმვას, რაც ხელს შეუწყობს არსებულ მონაკვეთებზე მდგომარეობის გაუმჯობესებას.

 

პროექტის მიხედვით, კანონში შეტანილი ცვლილების ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა უნდა უზრუნველყონ სათანადო ერთობლივი ნორმატიული აქტის მიღება; მუნიციპალიტეტების საკრებულოებმა კი უნდა უზრუნველყონ სათანადო დადგენილებების მიღება.

 

კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვის სავარაუდო თარიღად, 2020 წლის 18 თებერვლიდან 20 მარტამდე პერიოდია განსაზღვრული.

 

 

big_banner
არქივი