logo_geo
კომპანიას, რომელსაც ანაკლიაში პორტი უნდა აეშენებინა, ტერიტორიიდან ტექნიკა გააქვს
- +

21 იანვარი. 2020. 18:24

 

ანაკლიაში, პორტის მშენებელმა კომპანიამ დემონტაჟი დაიწყო და ტერიტორიიდან სამშენებლო ტექნიკა გააქვს. 

 

არსებული ინფორმაციით, ჰოლანდიურმა კომპანია „ვანოორდმა“ ზღვის სიღრმეში, 3500 კმ სიგრძეზე განთავსებული სპეციალური მილების ფსკერიდან ამოღების სამუშაოები დაიწყო.

 

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დირექტორის ლევან ახვლედიანის განცხადებით,  მიწა, სადაც პორტი უნდა აშენებულიყო, სახელმწიფოს უკან დაუბრუნდება.

 

როგორც იცით, ხელშეკრულება, რაც არსებობდა სახელმწიფოსა და კონსორციუმს შორის, შეწყდა. შესაბამისად, ვანორდის ეს ქმედება უკავშირდება იმას, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება აღარ არსებობს და მან ტექნიკა ტერიტორიიდან უნდა გაიტანოს. მიწა კი, რაც სახელმწიფომ თავის დროზე გამოისყიდა და კონსორციუმს გადასცა, უნდა დაუბრუნდეს ისევ სახელმწიფოს, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში ლევან ახვლედიანმა.

 

შეგახსენებთ, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მასშტაბური საზღვაო სამუშაოები 2018 წლის 16 სექტემბერს დაიწყო. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტომ“ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ წერილობით 9 იანვარს აცნობა, რის შემდეგაც ხელშეკრულება ოფიციალურად შეწყდა.

 

როგორც ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოში აცხადებდნენ, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“, რომელმაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის უფლება მოიპოვა სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვის საფუძველზე, ვერ შეასრულა საინვესტიციო ხელშეკრულების 7 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება. მათ შორის, ვერ მოიზიდა 120 მილიონი აშშ დოლარი საკუთარი კაპიტალის შესავსებად, ვერ წარმოადგინა გაფორმებული ხელშეკრულებები - საერთაშორისო ბანკებთან 400 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხის გამოყოფის თაობაზე, პირველი ფაზის ტერმინალის ოპერატორთან და პირველი ფაზის სამშენებლო სამუშაოების კონტრაქტორთან.

 

საქართველოს მთავრობამ 9 იანვარს გამართულ სხდომაზე გადაწყვიტა, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ 2016 წელს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურას დაიწყებს. მთავრობა მიზეზად ასახელებს კონსორციუმის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობას.

 

big_banner
არქივი