logo_geo
საქართველოს მთავრობამ სათამაშოების უსაფრთხოების ახალი წესი შეიმუშავა
- +

22 იანვარი. 2020. 14:29

 

საქართველოს მთავრობამ სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი დაამტკიცა. შესაბამისი დადგენილება სრულად 2021 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება, თუმცა, უკვე დღეიდან, 2020 წლის 22 იანვრიდან, ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო უფლებამოსილია, შეამოწმოს ბაზარზე განთავსებული სათამაშოების შესაბამისობა ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან და გასცეს რეკომენდაციები ამ რეგლამენტთან სათამაშოების შესაბამისობაში მოსაყვანად.

 

თავის მხრივ, ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია, დაუშვას სააგენტოს წარმომადგენელი პროდუქტის რეალიზაციის ადგილებში, ასევე, მოთხოვნის შემთხვევაში, მიაწოდოს მას ბაზარზე განთავსებული პროდუქტის შესაბამისობის დასადგენად აუცილებელი ინფორმაცია და დოკუმენტები.

 

მწარმოებელი ვალდებული იქნება, სათამაშოს თან დაურთოს ქართულ ენაზე შედგენილი შესაბამისი უსაფრთხოების ინსტრუქციები და პროდუქტის უსაფრთხო მოხმარებასთან დაკავშირებული ინფორმაცია.

 

„მწარმოებელი, რომელიც თვლის ან აქვს ეჭვის საფუძველი, რომ მის მიერ ბაზარზე განთავსებული სათამაშო არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობის სათანადო მოთხოვნებს, ვალდებულია, დაუყოვნებლივ მიიღოს საჭირო მაკორექტირებელი ზომები, აღნიშნული სათამაშოს შესაბამისობაში მოსაყვანად, საჭიროების შემთხვევაში, მოახდინოს სათამაშოს ამოღება ან გამოთხოვა. იმ შემთხვევაში, თუ სათამაშო ქმნის რისკს, მწარმოებელი ვალდებულია, ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს, მიაწოდოს მას ყველა საჭირო ინფორმაცია შეუსაბამობის და მიღებული მაკორექტირებელი ზომების შესახებ“, – აღნიშნულია რეგლამენტში.

 

მწარმოებელი, 2021 წლის 1 იანვრიდან, ვალდებული იქნება, უზრუნველყოს ბაზარზე მხოლოდ ისეთი სათამაშოს განთავსება, რომელიც დაპროექტებული და დამზადებულია დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად და თან ერთვის შესაბამისობის დეკლარაცია.

 

სათამაშოების იმპორტიორი კი, 2021 წლის 1 იანვრიდან, ვალდებული იქნება, შემოსავლების სამსახურს და ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს ელექტრონული ფორმით წარუდგინოს „სათამაშოს იმპორტის წინასწარი შეტყობინება“ (რომლის ფორმა, შევსებისა და დადასტურების წესი, შემდგომში საქართველოს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრების ერთობლივი ბრძანებით განისაზღვრება).

 

ტექნიკურ რეგლამენტში აღნიშნულია, რომ ის ვრცელდება „პროდუქტებზე (სათამაშოებზე), რომლებიც, დაპროექტებულია ან განკუთვნილია 14 წლამდე ასაკის ბავშვების მიერ სათამაშოდ გამოყენებისათვის, მიუხედავად იმისა, აღნიშნული პროდუქტი დაპროექტებულია ან განკუთვნილია მხოლოდ სათამაშოდ გამოყენებისთვის თუ არა“.

 

ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება არ ვრცელდება შემდეგ სათამაშოებზე:

 

საჯარო გამოყენებისათვის განკუთვნილი სათამაშო მოედნების მოწყობილობები;

საჯარო გამოყენებისათვის განკუთვნილი, მონეტებზე ან მათ გარეშე მომუშავე ავტომატური სათამაშო მანქანები;

წვის ძრავით აღჭურვილი სათამაშო მანქანები;

სათამაშო ორთქლის ძრავები;

შურდულები და კატაპულტები.

 

უსაფრთხოების ძირითადი მოთხოვნებია:

 

სათამაშო, მასში შემავალი ქიმიური ნაერთების ჩათვლით, დანიშნულების მიხედვით ან/და ბავშვის ქცევის გათვალისწინებით სხვა მოსალოდნელი გზით გამოყენებისას, არ უნდა უქმნიდეს საფრთხეს მომხმარებლის ან მესამე პირების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას. გათვალისწინებული უნდა იქნეს მომხმარებლის და, შესაბამის შემთხვევაში, მისი ზედამხედველის შესაძლებლობები, მათ შორის, 36 თვემდე ასაკის ან სხვა მითითებული ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებისათვის განკუთვნილი სათამაშოების შემთხვევაში. ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად დატანილი ეტიკეტი და სათამაშოს თანმხლები ინსტრუქცია, მკაფიოდ უნდა უთითებდეს სათამაშოს გამოყენებისათვის დამახასიათებელ საფრთხეებზე და შესაძლო ზიანზე, ასევე აღნიშნული საფრთხისა და ზიანის თავიდან აცილების გზებზე.

ბაზარზე განთავსებული სათამაშო, წინასწარ სავარაუდო და გონივრული ვადით გამოყენების განმავლობაში უნდა შეესაბამებოდეს უსაფრთხოების ძირითად მოთხოვნებს.

 

„სათამაშო, რომელიც არ შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს, შეიძლება წარმოდგენილ იქნეს გამოფენებზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მასზე დატანილი იქნება ნიშანი, რომელიც მკაფიოდ მიუთითებს, რომ სათამაშო არ შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს და, რომ არ მოხდება მისი ბაზარზე განთავსება, სანამ არ იქნება შესაბამისობაში მოყვანილი ამ მოთხოვნებთან“, – აღნიშნულია რეგლამენტში.

 

რეგლამენტის მიხედვით:

 

სათამაშოების მიმართ დადგენილია სპეციალური უსაფრთხოების მოთხოვნები; სათამაშოების ფიზიკური და მექანიკური მახასიათებლები, მოთხოვნები სათამაშოს აალებადობის, ქიმიური, ელექტრული თვისებების მიმართ; ჩამოთვლილია ის ალერგიულ-არომატული ნივთიერებები, რომლებსაც არ უნდა შეიცავდეს სათამაშო. განსაზღვრულია სათამაშოების ჰიგიენასთან დაკავშირებული და რადიოაქტიურობის მიმართ მოთხოვნები, ასევე კანცეროგენული, მუტაგენური ან რეპროდუქციისთვის ტოქსიკური ნივთიერებებისა და მათი დაშვებული გამოყენების სია.

 

მოყვანილია ძირითადი გამაფრთხილებელი მითითებები და ქიმიური ნივთიერებების სპეციალური ზღვარი, რომლებიც გამოიყენება 36 თვემდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილ სათამაშოებში და სათამაშოებში, რომლებიც განკუთვნილია პირში ჩასადებად.

 

 

 

 

big_banner
არქივი