logo_geo
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, გასულ წელს ღვინის ექსპორტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა
- +

23 იანვარი. 2020. 11:54

 

 

 

2019 წელს საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში 94 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინო იყო ექსპორტირებული, რაც 2018 წლის რაოდენობას ცხრა პროცენტით აღემატება და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

 

მათივე განცხადებით, ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 240 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც 2018 წლის ანალოგიურ მონაცემზე 17 პროცენტით მეტია.

 

„ექსპორტი გაიზარდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: პოლონეთი – 17 პროცენტი (4 114 972 ბოთლი), ჩინეთი – ორი პროცენტი (7 089 259 ბოთლი), აშშ – 48 პროცენტი (678 148 ბოთლი) და დიდი ბრიტანეთი – 60 პროცენტი (168 307 ბოთლი).

 

ზრდა აღსანიშნავია ასევე შემდეგ ქვეყნებში: ლიეტუვა – 45 პროცენტი (708 408 ბოთლი), გერმანია – 40 პროცენტი (671 453 ბოთლი), ბელარუსი – 74 პროცენტი (278 7065 ბოთლი), ისრაელი – 80 პროცენტი (324 700 ბოთლი), ესტონეთი – 20 პროცენტი (693 248 ბოთლი), რუსეთი – ცხრა პროცენტი (58 384 540 ბოთლი), მოლდოვა – 8738 პროცენტი (625 724 ბოთლი), ნიდერლანდები – 17 პროცენტი (96 464 ბოთლი), ჩეხეთი – 34 პროცენტი (83 136 ბოთლი), შვედეთი – 636 პროცენტი (92 214 ბოთლი), ბულგარეთი – 30 პროცენტი (34 734 ბოთლი), მონღოლეთი – 40 პროცენტი (297 576 ბოთლი) და ა.შ. – აღნიშნულია ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

 

2019 წელს სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 341 კომპანიამ განახორციელა. ამასთან, მსოფლიოს 25 ქვეყანაში ექსპორტირებულია 31,6 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 58 პროცენტით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 68 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (ზრდა 67 პროცენტი). მსოფლიოს 28 ქვეყანაში ექსპორტირებულია 625 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 48 პროცენტი შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 1,7 მლნ აშშ დოლარს აღწევს (ზრდა 38 პროცენტი).

 

დაცული ადგილწარმოშობის ღვინოებიდან ყველაზე დიდი რაოდენობით ექსპორტირებულია „ქინძმარაული“ – 17 418 683 ბოთლი, შემდეგ მოდის: „მუკუზანი“ – 5 160 309 ბოთლი, „წინანდალი“ – 4 407 563 ბოთლი, „ახაშენი“ – 1577823 ბოთლი, „ხვანჭკარა“ – 1 011 887 ბოთლი, „ტვიში“ – 298 509 ბოთლი და ა.შ“, – აცხადებენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.

 

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მთლიანად ღვინის, ბრენდი, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულია 345 მლნ აშშ დოლარი, რაც 15 პროცენტით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

 

 

big_banner
არქივი