logo_geo
„კავკასიური პარიზი“ თუ მისტიური ქუჩა - პავლე ინგოროყვას ქუჩის უცნობი ისტორიები
- +

23 იანვარი. 2020. 16:25

 

 

 

თბილისში ინგოროყვას ქუჩა მე-19 საუკუნიდან არსებობს. მისი სახელი კი, არაერთხელ შეცვლილა.  თავდაპირველად მას ლაბორატორიის ქუჩა, შემდეგ პეტრე დიდის, ლევ ტროცკის, ძერჟინსკის, 1990 წელს კი ქართველი ისტორიკოსის, ლიტერატურათმცოდნის და საზოგადო მოღვაწის, პავლე ინგოროყვას სახელი ეწოდა.

 

 

ქუჩა, რომელიც მთაწმინდის რაიონში მდებარეობს, თბილისში, ერთ-ერთ პრესტიჟულ, კეთილმოწყობილ და ევროპულ ქუჩად მიიჩნეოდა. ქუჩაზე, ძირითადად ადგილობრივი ელიტა და ინტელიგენცია ცხოვრობდა. მათ შორის, სხვადასხვა დროის ისეთი ხელოვანები, კომპოზიტორები და სცენოგრაფები, როგორებიც იყვნენ სიმონ ვირსალაძე, ირაკლი გამრეკელი, მიქაელ ტარივერდიევი  და თავად პავლე ინგოროყვა მის მეუღლესთან ერთად.

 

 

 ამ ქუჩას „კავკასიურ პარიზს“ ეძახდნენ, რადგან წყნარი გარემო, ენათა მრავალფეროვნება და გამორჩეული არქიტექტურა,  ქართველი მწერლების და ხელოვანებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველს ხდიდა.

 

 „ინგოროყვას ქუჩა ერთ-ერთი განსხვავებული და ლამაზი ქუჩაა. სტილისტურად, ამ ქუჩის არსებობიდან დღემდე, ყველა პერიოდის შენობა გვხვდება. მრავალი შენობა არამარტო ფასადითაა საინტერესო, არამედ შიდა სივრცეებით. აქაც გვხვდება თბილისური ეზოები და აივნები“, - განაცხადა არქიტექტორმა ბექა ტომაშევიჩმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

 

 

ქუჩაზე სახლების მფლობელები მშენებლობას იმ დროის საუკეთესო არქიტექტორებს ეკვეთავდნენ. მათ შორის ერთ-ერთი იყო შიმკევიჩი. ცნობილი პოლონელი არქიტექტორი, რომელსაც ეკუთვნის თბილისის ისეთი ლამაზი შენობები, როგორიცაა კავკასიის აბრეშუმის სახლი, საქართველოს უზენაესი სასამართლო, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრი, კონსერვატორია და ფუნიკულიორის შენობა.

 

ინგოროყვას ქუჩა ცნობილია ისეთი ადმინისტრაციული შენობების გამო, როგორიცაა კანცელარია და სახაზინო პალატა.

 

 

 

 

 

ამ ქუჩას მისტიური ისტორიებიც უკავშირდება. ამის მიზეზი, სავარაუდოდ ინგოროყვას ნომერ ექვსში, სახლის ფასადზე გამოსახული ფიგურაა, რომელიც ერთი შეხედვით ეშმაკს წააგავს.

 

გადმოცემის მიხედვით, ეს სახლი მე-19 საუკუნეში, სატანის მიმდევარ სომეხ ვაჭარს აუშენებია და მის სხვენში გოგონას ჩამოუხრჩვია თავი.  ერთ-ერთი ვერსიით, ეს გოგონა მისი ცოლი იყო, ხოლო მეორე ვერსიით - შვილი.

 

 

big_banner
არქივი