logo_geo
თბილისის ფარნების ისტორია - სადღესასწაულოდ განათებული ქალაქი XIX საუკუნეში
- +

24 იანვარი. 2020. 12:39

 

ფეოდალური თბილისის განათების შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ მოიპოვება, მაგრამ ცნობილია, რომ დღესასწაულებზე დედაქალაქის საზეიმოდ განათება ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ასეთ დღეებში ქალაქის მოსახლეობას ქუჩების ჩირაღდნებით განათება ევალებოდა. არსებობს მოსაზრება, რომ თბილისის მთავარი ქუჩების განათება მე-18 საუკუნის მეორე ნახევრიდან დაიწყეს. სწორედ ამ დროიდან შემოიღეს საქალაქო გადასახადი  - „მასრაფი“, ხოლო შუქის ზეთზე გადასახადს „კონის ფული“ ეწოდებოდა. მე-19 საუკუნის დასაწყისში, მანამდე არსებული წესების თანახმად, „მასრაფის“ ნაწილი ქალაქის გასანათებელი ფარნების მოწყობაზე იხარჯებოდა.

 

​უფრო მოგვიანებით, XIX საუკუნის 70-იან წლებში ქუჩა-მოედნების გასანათებლად ნავთის ფარნებს იყენებდნენ. 1900 წელს ქალაქის ქუჩებში 3 200 ასეთი ფარანი იდგა. თბილისის თვითმმართველობას სურდა, ქუჩების განათებაში ცვლილებები შეეტანა და გაზით განათება დაენერგა, მაგრამ მის არცერთ მცდელობას შედეგი არ მოჰყოლია, რადგან ზემოხსენებულ საქმეში ინოვაციები ძალიან ნელა ინერგებოდა.

 

თბილისში ელექტროენერგიის გამოყენება 1897 წელს დაიწყო, მაგრამ იმდენად მცირე მასშტაბით, რომ მას დაწესებულებებისა და მოსახლეობის მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი მოიხმარდა.

 

 

 

 

 

თბილისის იაფი ელექტროენერგიით უზრუნველყოფის მიზნით, 1890-იან წლებში მტკვარსა და არაგვზე ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის პირველი პროექტები შედგა, რომლებიც მდინარე მტკვარზე, ყოფილი მადათოვის კუნძულის მახლობლად, 1 600 ცხ.ძ. სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას ითვალისწინებდა. პროექტების მიხედვით, მდინარე არაგვზე, წიწამურის მიდამოებში, 10 000 ცხ.ძ. სიმძლავრის ჰესის განთავსებაც იგეგმებოდა, თუმცა ვერცერთი მათგანის აშენება ვერ მოხერხდა, რადგან იმ ხანებში უპირატესობა თბოელექტროსადგურების აშენებას ენიჭებოდა. შესაბამისად, 1912 წლისთვის თბილისში 22 თბოელექტროსადგური არსებობდა, რომელთა საერთო სიმძლავრე 1 890 ცხენისძალას შეადგენდა. ქალაქის ცენტრალურ ქუჩებსა და მოედნებზე 818 ელექტრონათურა იდგა, ხოლო ნავთის ფარნების მნიშვნელოვანი წილი განაპირა ქუჩებში გადაიტანეს. მეოცე საუკუნის ოციან წლებში კი ეს უკანასკნელნი მთლიანად ელექტრონათურებმა შეცვალა.

 

მრეწველობის სწრაფმა განვითარებამ და ქალაქის ზრდამ იმდროინდელი რეალობის შესაბამისი „მოთხოვნები“ წამოაყენა. ამ „მოთხოვნების“ დასაკმაყოფილებლად 1922 წელს, სამშენებლო სამუშაოები დაიწყო და 1927 წელს თბილისმა ელექტროენერგია უკვე „ზაჰესიდან“ მიიღო. სადგურის მთლიანი სიმძლავრე 36 800 კილოვატს უდრიდა და იმ დროის ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ ელექტროსადგურად მიიჩნეოდა.  „ზაჰესის“ მშენებლობამ მნიშვნელოვნად გაზარდა ელექტროენერგიის მოხმარება და ძალიან დიდი როლი შეასრულა თბილისის მრეწველობისა და ტრანსპორტის განვითარებაში.

 

 

 

big_banner
არქივი