logo_geo
ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულთა რაზმის წევრის, პოეტ მიხა ხელაშვილის დაბადებიდან 120 წელი გავიდა
- +

25 იანვარი. 2020. 10:59

 

დღეს სახალხო პოეტის, 1920-იანი წლების ეროვნული პარტიზანული მოძრაობის მონაწილის და ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულთა რაზმის წევრის,  მიხა ხელაშვილი დაბადების და გარდაცვალების დღეა. პოეტი,  1900 წლის 25 იანვარს, უკანა ფშავში, სოფელ ახადში დაიბადა და ამავე რიცხვში 1925 წელს ჩარგალში გარდაიცვალა.  მისი დაბადებიდან დღეს, 120 წელი შესრულდა.

 

პოეტის შემოქმედება საბჭოთა ხელისუფლებისგან მუდმივად იდევნებოდა. მისი ლექსები იბეჭდებოდა ხალხური პოეზიის ანთოლოგიებში, ავოტრის მითითების გარეშე. 

 

მიხა ხელაშვილი 1921 წლიდან მოყოლებული,  ტყეში გავიდა და საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაება. იყო ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმის აქტიური წევრი. ქაქუცას მიხა ხელაშვილი ადრეც იცნობდა. ქართველი მხედართმთავრის, გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ერთი მოგონებიდან ჩანს, რომ ჯერ კიდევ 1917 წელს, დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე, ხევსურეთში ჩასულ შალვა ქარუმიძეს და ქაქუცა ჩოლოყაშვილს იქაურები შეუკრებიათ და გაუწვრთნიათ. მიხა ხელაშვილის დის მოგონებების მიხედვით, მათ რიცხვში იყო მიხა ხელაშვილიც.

 

მიხა ხელაშვილი მისმა მეგობრებმა მოკლეს - ლევან გარსევანიშვილმა, ლუკა მარცვალაშვილმა და ვახტანგ რაზიკაშვილმა. ისინი მოისყიდეს და 1925 წლის იანვარში, როდესაც მიხა ჩარგალში სტუმრობდა, შეასრულეს კიდეც ჩანაფიქრი. ჯერ ვახტანგ რაზიკაშვილის ბიძაშვილის სახლში უქეიფიათ, შემდეგ კი მიხა ლუკა მარცვალაშვილის საბძელში წამოსულა დასაძინებლად (მეორე დღეს იგი პანკისის ხეობაში გადასვლას აპირებდა, სადაც ლევან ხავაზურაშვილი ელოდებოდა). მიხა ძილში მოკლეს.

 

მიხა ხელაშვილის ლექსების თემატიკა საკმაოდ მრავალფეროვანია - ძირითადად პატრიოტული და სატრფიალო ლექსებია, თუმცა, ელეგიური ჟანრის მელანქოლიურ ნათქვამებსაც არაერთხელ შეხვდებით.

 

 

 

big_banner
არქივი