logo_geo
რეგიონებში ახალი სახანძრო-სამაშველო ავტომანქანები გადანაწილდა
- +

25 იანვარი. 2020. 11:20

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა რეგიონულ დანაყოფებს ახალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი ავტომანქანები გადასცა. ინფორმაციას შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, „მაგირუსის“ ფირმის სახანძრო ტექნიკა თბილისის გარდა რუსთავის, სიღნაღის, ქუთაისის, ზუგდიდის და ბათუმის სამმართველოებს გადაეცა. უახლოეს პერიოდში დაგეგმილია გერმანული სახანძრო-სამაშველო მანქანის გადაცემა ბორჯომისთვის.

 

ახალი ავტომობილები მეხანძრე-მაშველებს რეგიონებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა, სამსახურის უფროსის პირველ მოადგილე ლევან ღირსიაშვილთან და სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროს დავით სუხიშვილთან ერთად გადასცა. ბათუმში ახალი ტექნიკის გადაცემის ღონისძიებას აჭარის მთავრობის წევრი ზაალ მიქელაძე ესწრებოდა.

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ავტომობილების საქართველოში ჩამოსვლისთანავე, ტექნიკის სახანძრო-სამაშველო პროცესში ჩართვამდე, მეხანძრე-მაშველებმა ახალ ავტომობილებთან მუშაობის და მართვის სპეციალური სწავლება გაიარეს. სწავლებას გერმანელი ინსტრუქტორები უძღვებოდნენ.

 

30-სახანძრო ავტომანქანა საქართველოში 2019 წლის ბოლოს ჩამოვიდა. ახალი სახანძრო-სამაშველო ტექნიკის პრეზენტაცია 2020 წლის იანვრის დასაწყისში შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიმართა.

 

„მაგირუსის“ ფირმის სახანძრო ტექნიკა მანევრულობით, მაღალი გამავლობითა და მობილურობით გამოირჩევა. გერმანული ხარისხის წარმოება მორგებულია იმ მოთხოვნებზე, რაც საქართველოს პირობებშია საჭირო. სახანძრო მანქანები შექმნილია სპეციალურად საქართველოსთვის. ისინი აღჭურვილია მაღალი და დაბალი წნევის ტუმბოთი, აქვს 4,5-ტონიანი წყლის ავზი და 300-ლიტრიანი ქაფის ავზი. მანქანებში, ასევე, დამონტაჟებულია ყველა საჭირო სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობა. ის სრულად ავტომატიზებულია, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია მისი მექანიკური მართვა. „მაგირუსის“ სახანძრო ტექნიკა განთავსებულია „ივეკოს“ ფირმის საავტომობილო შასზე.

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, 30-ვე ავტომანქანა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებს უკვე ემსახურება. გარდა ამისა, დაგეგმილია ფორდ კარგოს მარკის სახანძრო-სამაშველო მანქანების გადანაწილება რეგიონებში. ეს მუნიციპალური სპეცტექნიკა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის სამმართველოდან გამოთავისუფლდა. უახლოეს მომავალში, მოხდება მათი სრული ტექნიკურ-ვიზუალური განახლება და 24 ავტომანქანა შემდეგ რეგიონებს გადაეცემა – აჭარა – 3, გურია – 2, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 2, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი – 1, შიდა ქართლი – 3, იმერეთი – 3, ქვემო ქართლი – 4, კახეთი – 3, მცხეთა-მთიანეთი – 3.

 

 

big_banner
არქივი