logo_geo
გიორგი ალიბეგაშვილი: „ბავშვთა სამყაროს“ დაზარალებულებს მაქსიმალურად დავეხმარებით
- +

9 მარტი. 2017. 20:08


თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობამ „ბავშვთა სამყაროს" ხანძრით დაზარალებულებთან მორიგი შეხვედრა გამართა, რომლის დასრულების შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარემ მედიისთვის კომენტარი გააკეთა. 


გიორგი ალიბეგაშვილის თქმით, საკრებულოს უმრავლესობა დაზარალებულებს ბოლოს 7 მარტს შეხვდა, სადაც აღინიშნა, რომ მათი პრობლემატიკის შესწავლა სამუშაო ჯგუფის ფორმატში მოხდება.


დღეს ხანძრით დაზარალებულებს უფრო გაფართოებულ ფორმატში შევხვდით და მათი მოთხოვნები მოვისმინეთ. ამ ადამიანებს კარგად აქვთ გაცნობიერებული, რომ მომხდართან დაკავშირებით ერთ მხარეს ხანძრით დაზარალებული მოვაჭრეები, ხოლო მეორე მხარეს კი კერძო კომპანია წარმოადგენს. მათთვის ასევე კარგადაა ცნობილი, რომ აღნიშნული პრობლემის მოგვარება საკრებულოს კომპეტენცია არ არის, თუმცა, ისინი ჩვენთან სხვადასხვა სტრუქტურებთან შუამდგომლობის გაწევის, ასევე საკითხის სამართლებრივად გარკვევამდე, გარკვეული ფინანსური დახმარების თხოვნით მოვიდნენ. ჩვენ მზად ვართ ამ ადამიანებს მათი უფლებების დაცვის მიზნით შუამდგომლობა ნებისმიერ სტრუქტურასთან, მათ შორის კერძო მესაკუთრესთანაც გავუწიოთ. შეხვედრაზე ასევე გამოიკვეთა, რომ მათ მიერ წარმოდგენილი დაზარალებულთა სიები დაზუსტებას საჭიროებს. შევთანხმდით, რომ ისინი დაზუსტებულ სიებს და შესაბამის საიჯარო ხელშეკრულებებს უახლოეს დღეებში წარმოგვიდგენენ. ბუნებრივია, პროცესში ჩვენ მუდმივად ვიქნებით ჩართულები და შესაძლებლობის ფარგლებში, ამ ადამიანების დახმარებას მაქსიმალურად შევეცდებით", - აღნიშნა გიორგი ალიბეგაშვილმა.


ჟურნალისტების კითხვას, თითქოსდა, საკრებულოს თავმჯდომარემ დაზარალებულებს დახმარებისთვის პრეზიდენტის ფონდისთვის მიმართვა ურჩია, გიორგი ალიბეგაშვილმა განაცხადა, რომ „მსგავსი ფრაზა არ თქმულა. თავად დაზარალებულებმა განაცხადეს შეხვედრაზე, რომ მათ სადაც კი ხელი მიუწვდებოდათ ყველგან გააგზავნეს მოთხოვნა, მათ შორის დაასახელეს პრეზიდენტის ფონდიც."



 

big_banner
არქივი