logo_geo
საქართველოს პრეზიდენტი რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს შეხვდა
- +

7 თებერვალი. 2020. 11:28

 

 

საქართველოს პრეზიდენტი რელიგიური კონფესიებისა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სააგენტოს თავმჯდომარემ სალომე ზურაბიშვილს განხორციელებული და მიმდინარე პროექტები გააცნო. შეხვედრისას პრეზიდენტმა ქვეყანაში არსებულ ტოლერანტობის კულტურას გაუსვა ხაზი და არსებული გამოწვევების წინაშე ერთიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 

საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, ტოლერანტობა და ურთიერთგაგება, რომელიც საქართველოში არსებულ სხვადასხვა რელიგიისა, თუ კულტურის მქონე თემებს შორის არსებობს, არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც ცნობილია:

 

"პრეზიდენტი უსვამს ხაზს იმ მოცემულობას რაც ჩვენს კულტურაში ოდითგანვე აისახა, რაც შეეხება ტოლერანტობას და ურთიერთგაგებას სხვადასხვა რელიგიისა თუ კულტურის მქონე თემებს შორის და უფრო და უფრო ხშირად გვესმის ამის შესახებ და უფრო და უფრო მეტი ადამიანი გებულობს საქართველოს გარეთ ბუნებრივ მოცემულობას, რაც ჩვენ მენტალობაში არის," - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

 

ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორმა ჯუზეპე პაზოტომ ხაზი გაუსვა ქვეყანაში არსებულ სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენელთა შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას:

 

"პრეზიდენტთან შეხვედრა არის ნიშანი იმისა,რომ ყველას გვინდა ვიყოთ მსახური ადამიანებისა, ამიტომ არის კარგი რომ აქ ვართ ყველანი, სხვადასხვა კონფესიები, რელიგიები, ერთმანეთთან გვაქვს ურთიერთობა, ჩვენ გვინდა რომ ვითანამშრომლოთ, რათა ეს ქვეყანა იყოს უკეთესი,"- განაცხადა პაზოტომ.

 

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს დასავლეთ საქართველოს მუფთის ადამ შანთაძის თქმით, საქართველოს ეროვნული და კულტურული სიმდიდრეა ის, რომ ამ ქვეყანაში სხვადასხვა ეთნოსისა და აღმსარებლობის ადამიანი, ისტორიულად ძმურად და მეგობრულად ცხოვრობდა:

 

„ოდითგანვე იყო მრავალეროვნული, მრავალკონფესიური ქვეყანა და ისტორიულად ერთად ძმურად მეგობრულად ცხოვრობდა და ამ ქვეყანაში სხვადასხვა ეთნოსისა და აღმსარებლობის ადამიანი, ასე არის დღესაც, ჩვენ ამით ვართ გამორჩეული, ეს არის ჩვენი ეროვნული და კულტურული სიმდიდრე ამას დაცვა სჭირდება და ვფიქრობ რომ დღევანდელი შეხვედრა იქნება ამ მიმართულებით კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი“, - განაცხადა ადამ შანთაძემ.

 

 

big_banner
არქივი