logo_geo
როგორ დამალა არალეგალური ლიტერატურა ივანე ბერიტაშვილის ლეიბის ქვეშ სემინარიის მოსწავლე იოსებ ჯუღაშვილმა
- +

10 თებერვალი. 2020. 14:41

 

 

 

„უცნობი ისტორიები ცნობილ მეცნიერზე“ - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ივანე ბერიტაშვილის 135 წლის იუბილესთან დაკავშირებით, კრებული გამოსცა, რომელიც მერაბ ცაგარელმა და ნინო კაკულიამ შეადგინეს.

 

ივანე ბერიტაშვილი არის ფიზიოლოგიისა და ნეირომეცნიერების სკოლების ფუძემდებელი საქართველოში. აკადემიკოსს 400 სამეცნიერო შრომა და 12 მონოგრაფია აქვს გამოცემული.

გთავაზობთ, რამდენიმე ფაქტს  მეცნიერის ცხოვრებიდან.

 

სამჭკუაშვილის მეთერთმეტე ბავშვი

ივანე ბერიტაშვილი კახეთში, ღარიბი მღვდლის, სოლომონ ბერიტაშვილის, ოჯახში დაიბადა. სოლომონსა და მის მეუღლეს, სალომე სამჭკუაშვილს, 12 შვილი ჰყავდათ, ივანე მეთერთმეტე იყო.

 

სწავლობს ერთიანებზე

 

თავდაპირველად ივანე თელავის სასულიერო სასწავლებელში შეიყვანეს. იქ გეოგრაფიას მწერალი ვასილ ბარნოვი ასწავლიდა, სიმღერას კი - კომპოზიტორი ნიკო სულხანიშვილი. მოგვიანებით, ივანე თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩაირიცხა, მაგრამ რადგან რუსული ენა არ იცოდა, კარგა ხანს ნიშნად „ედინიცებს“ უწერდნენ.

 

„გრეკოვმა, შემოვიდა თუ არა, აათვალიერ-ჩაათვალიერა კლასი. მე გაკვეთილი არ ვიცოდი და როცა მიზეზი მკითხა, ვუპასუხე: „კნიგა ნეტუ“. აბა, იმისთანა სიცილი აუტყდათ მასწავლებლებსაც და მოსწავლეებსაც, მეტი არ შეიძლება, ჩემი რუსული რომ გაიგონეს“, - წერს თავის დღიურში ივანე ბერიტაშვილი.

 

ლეიბის ქვეშ გადამალული კონტრაბანდა

 

ერთხელ, სემინარიაში, არალეგალური მარქსისტული ლიტერატურის ამოსაღებად, ჩხრეკა ჩატარდა. ივანეს ლეიბის ქვეშ წიგნები უპოვეს. გარიცხვას მხოლოდ რუსულის უცოდინრობის გამო გადაურჩა: მიხვდნენ, წიგნები მისი არ იქნებოდა. მოგვიანებით ბერიტაშვილმა ჯგუფელებისგან შეიტყო, რომ არალეგალური ლიტერატურა მისი ლეიბის ქვეშ სემინარიის მოსწავლე იოსებ ჯუღაშვილმა, დამალა.

 

ორი უმუშევარი

 

ივანე ბერიტაშვილს, ერთი პერიოდი, საბჭოთა ხელისუფლება არ სწყალობდა და ფიზიოლოგიის ინსტიტუტიდან დაითხოვეს. ქართულმა ხელისუფლებამ მოსკოვს დაუმალა, რომ მას სხვა სამსახურიც ჰქონდა, მაგრამ მოგვიანებით ვიღაცამ მაინც დაასმინა და ივანე ამ სამსახურიდანაც გაათავისუფლეს.

 

უქმად რომ არ ყოფილიყო, წიგნზე მუშაობა დაიწყო. ერთხელ რუსთაველზე ლადო გუდიაშვილს შეხვდა, რომელიც ასევე სამსახურის გარეშე იყო დარჩენილი. ლადომ შესთავაზა, ილუსტრაციებს შენი წიგნისთვის მე გავაკეთებო.

 

ასე აღმოჩნდა უმუშევარი ივანე ბერიტაშვილის საბუნებისმეტყველო წიგნში უმუშევარი ლადო გუდიაშვილის ექვსი ნახატი.

 

წვერებცანცარა

 

ივანე ბერიტაშვილი მოკლე წვერს ატარებდა. თელავის ბაზართან მეწაღეები ისხდნენ ხოლმე. როცა აკადემიკოსი ჩაივლიდა, ეგრევე კიკინს ატეხდნენ, თან გაიძახოდნენ, წვერებცანცარა მოდისო.

 

ბერიტაშვილი ყოველთვის ხალისობდა ამ მეწაღეებზე, თავისი წვერი კი ძალიან მოსწონდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი