logo_geo
სოციალურად დაუცველებს გადამოწმების დროს თანხის ჩარიცხვა აღარ შეუჩერდებათ
- +

14 თებერვალი. 2020. 15:00

 

 

საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახებს, მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმების პერიოდში, თანხის ჩარიცხვა აღარ შეუჩერდებათ.

 

აღნიშნულს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივა ითვალისწინებს, რომელიც დღეს მედიას დიმიტრი ხუნდაძემ გააცნო.

 

„როგორც იცით ქვეყანაში, სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის მოქმედებს დახმარების პროგრამა, რომლითაც სარგებლობს – 430 000 მოქალაქე, მათ შორის ბავშვები. მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამა არსებულ გამოწვევებზე საპასუხოდ პერიოდულად საჭიროებს გარკვეულ, დასაბუთებულ ცვლილებებს. დღეის მდგომარეობით, გადამოწმების დროს, რაც ასევე აუცილებელი პროცედურაა, სტატუსის მატარებელ ოჯახებს დროებით უჩერდებათ დახმარება. მიუხედავად იმისა, რომ უდიდეს ნაწილს განაცდური უნაზღაურდებათ სრულად, მაინც მძიმეა მათთვის ეს პერიოდი, რადგან ისინი ბედის ანაბარა რჩებიან სიღარიბის პირისპირ. ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი გამოდის ინიციატივით, რომ საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახებს, მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმების პერიოდში არ შეუჩერდეთ საარსებო შემწეობის გაცემა. შემდეგ კი, გადამოწმების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულიდან გამომდინარე, გაგრძელდეს ან შეწყდეს მათი პროგრამაში მონაწილეობა. ამისათვის საჭიროა დამატებით 5.4 მილიონი ლარი. ამ გადაწყვეტილებით, ოჯახებს გადამოწმების პერიოდშიც, ახალი სარეიტინგო ქულის მინიჭებამდე უწყვეტად მიეცემათ საარსებო შემწეობა. ეს იქნება მოსახლეობის საკეთილდღეოდ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი და მისი განხორციელებით რისკის ქვეშ არ დადგება საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა“ ,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

 

დეპუტატის თქმით, ინიციატივასთან დაკავშირებით კონსულტაციები გავლილია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან.

 

ხუნდაძის განმარტებით, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ცვლილება მიმდინარე წლის აპრილის თვიდან შევა ძალაში.

 

big_banner
არქივი