logo_geo
საქართველო 2022 წელს ბერლინში ყველაზე დიდი გამოფენა-ბაზრობის მასპინძელი ქვეყანა იქნება
- +

17 თებერვალი. 2020. 12:03

 

საქართველო 2022 წელს ბერლინში ტურიზმის ინდუსტრიაში ყველაზე დიდი გამოფენა-ბაზრობის, ITB Berlin-ის მასპინძელი ქვეყანა იქნება.

 

გერმნიაში მსოფლიოში უდიდეს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე  „ITB Berlin“ საქართველოს მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგენასთან დაკავშირებით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში დაესწრნენ. მიწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ტურიზმის სექტორის და დონორი ორგანიზაციების წარმოდგენლები.

 

ღონისძიებაზე მარიამ ქვრივიშვილმა საზოგადოებას „ITB Berlin“-ის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების  შესახებდეტალური ინფორმაცია მიაწოდა. „ITB Berlin“-ზე, გერმანიაში, მასპინძელი ქვეყნის სტატუსის მოპოვება საქართველოს 37 მილიონი ევროს ღირებულების მარკეტინგულ მხარდაჭერას და 1 მილიარდიან აუდიტორიაზე წვდომის შესაძლებლობას მისცემს. „ITB Berlin“-ს ყოველწლიურად 180-ზე მეტი ქვეყნის 200 ათასზე მეტი ვიზიტორი ესწრება. „ITB Berlin“ წლიდან წლამდე მსოფლიო მედიის განსაკუთრებული ყურადღების ეპიცენტრშია. 3 დღის განმავლობაში გამოფენას 5 ათასზე მეტი საერთაშორისო ჟურნალისტი აშუქებს.

 

„ITB Berlin“-ის გამოფენაზე მასპინძლის სტატუსით მონაწილეობა არის უპრეცედენტო მასშტაბის შესაძლებლობა ქვეყნისთვის, რაც კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანს საქართველოს, როგორც ტურისტულად განსაკუთრებული შესაძლებლობების მქონე ქვეყანას. მასპინძლის სტატუსი არის სიგნალი მთელი მსოფლიოსთვის, რომ საქართველო 2022 წლამდე და მის შემდეგ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ტურისტული ქვეყანაა. 2007 წლიდან ბერლინში 15 ქვეყანა მასპინძლის სტატუსით წარდგა, მათ შორისაა: ინდოეთი, გერმანია, თურქეთი, პოლონეთი, ინდონეზია, მალაიზია და ა.შ. აღნიშნული ქვეყნები მსოფლიოში ტურისტული ბაზრის უდიდეს წილს ფლობენ.

 

 

სტატისტიკით, „ITB Berlin“-ის მასპინძელ ქვეყნად გამოცხადების შემდეგ თითო ქვეყანაში შესული საერთაშორისო ვიზიტორების ზრდამ საშუალოდ 130 %-ს მიაღწია. „ITB Berlin“-ის მასპინძელ ქვეყნად გამოვლენამდე საქართველომ ურთულესი საკონკურსო ეტაპები და კონკურენცია გაიარა მსოფლიოში ცნობილ ტურისტულ მიმართულებებს შორის.

 

საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა ინსპექტირება. 2019 წლის აპრილში „ITB Berlin“-ის ხელმძღვანელების საქართველოში ვიზიტი შედგა, რომლის ფარგლებშიც ადგილზე შეფასდა ტურისტული პროდუქტები, ინფრასტრუქტურა, სასტუმროები. განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა იმ ფაქტს, რომ საქართველოს მთავრობა პროაქტიულად უდგება ტურიზმის განვითარებას და მისთვის ტურიზმის ინდუსტრია პრიორიტეტული დარგია.

 

 

გადაწყვეტილების მიღების პროცესში უმნიშვნელოვანესი იყო ბერლინის სამთავრობო უწყებების მხარდაჭერა, რაც იმის ნიშანია, რომ ეს არის მნიშვნელოვანი არამხოლოდ ტურიზმის განვითარებისათვის, არამედ ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოსა და გერმანიას შორის მჭიდრო თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით.

 

 

როგორც მასპინძელი ქვეყანა, საქართველო 37 მილიონი ევროს ღირებულების საიმიჯო საინფორმაციო და მარკეტინგულ მხარდაჭერას მიიღებს. ეს არის 15 მილიონი ევროს ღირებულების ონლაინ მედია მომსახურება. 3,200 000 ევროს ღირებულების ტელე და რადიო დაფარვა, 19 მილიონი ევროს ღირებულების მომსახურება ბეჭდურ მედიაში. უმნიშვნელოვანესია ის ფაქტი, რომ „ITB Berlin“-ის მასპინძლობით საქართველოს მილიარდიან აუდიტორიაზე წვდომის შესაძლებლობა ეძლევა, რომელიც ტურიზმის ინდუსტრიაში პირდაპირ და არაპირდაპირაა ჩართული.

 

2020 წლის 4-8 მარტს „ITB Berlin“-ის გამოფენას საქართველოს ეკონომიკისა და მგდრადი განვითარების მინისტრი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ეწვევიან, გამოფენის ფარგლებში საქართველოს ოფიციალურად მიენიჭება მასპინძელი ქვეყნის სტატუსი და გაიმართება ხელმოწერის ცერემონია. 2020 და 2021 წლებში ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „ITB Berlin“ საქართველო უკვე ისარგებლებს განსაკუთრებული პირობებით, რაც გულისხმობს მარკეტინგულ მხარდაჭერას და ხელს შეუწყობს საქართველოს ცნობადობის გაზრდას და უკეთ პოზიციონირებას, როგორც ბერლინის გამოფენის მომავალი მასპინძელი ქვეყანა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი