logo_geo
საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია იორდანიაში დაგეგმილ შეკრებაში მონაწილეობას არ მიიღებს
- +

17 თებერვალი. 2020. 17:19

 

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ანდრია ჯაღმაიძის მიერ გამოქვეყნებული წერილის თანახმად, საქართველოს მართლამდიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები თავს შეიკავებენ იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქის, თეოფილე III-ის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე ჩასვლისგან, სადაც მართლმადიდებლურ სამყაროში არსებული პრობლემები უნდა განხილულიყო.

 

თეოფილე III-ის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები – მათ შორის მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილე. შეხვედრაში მონაწილეობაზე უარს აცხადებს მსოფლიო პატრიარქი.

თეოფილე III-ისთვის ილია II-ის მიერ გაგზავნილ წერილში, რომელიც ჯაღმაიძემ გამოაქვეყნა, წერია:

 

კარგად გვესმის, რომ თქვენი მცდელობა განპირობებულია ეკლესიის ერთობისათვის ზრუნვით და ჭრილობების მოშუშების სურვილით, თქვენი წერილიდან ჩანს ისიც, რომ ძალისხმევა არ დაგიკლიათ, რათა მსოფლიო პატრიარქს მიეღო მონაწილეობა შეხვედრაში, მაგრამ ვინაიდან მან და ზოგიერთმა ეკლესიის მეთაურმაც არ ისურვეს ეს, იმ მიზანს, რაც თქვენ გაქვთ, და რაც ყველა ჩვენგანის სურვილიცაა, შესაძლოა, დაბრკოლებები შეექმნას“.

 

წერილში ნათქვამია, რომ საქართველოს საპატრიარქოში იზიარებენ იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქის პოზიციას, მაგრამ მიიჩნევენ, რომ შეხვედრა და მსჯელობა ყველა ეკლესიის მონაწილეობით უნდა მოხდეს, ხოლო თუ ერთობა ვერ შედგება, ამ ეტაპზე თავს შეიკავებენ ჩამოსვლისგან.

 

ვიმედოვნებთ, ღვთის წყალობით, მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურთა სინაქსისი განხორციელდება და ეკლესიური კანონიკური ნორმების დაცვით შეფასდება ის თემები, რაც აზიანებს ჩვენს ურთიერთობებს. ამასთან, რაც მალე მოხდება ეს, უმჯობესია ყველასთვის“, – წერია წერილში.

 

big_banner
არქივი