logo_geo
კარლ ჰარცელი: გვსურს, გავაძლიეროთ საქართველოს კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობები
- +

21 თებერვალი. 2020. 17:33

 

ევროკავშირის სახელით უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ევროკავშირი გმობს 2019 წლის ოქტომბერში საქართველოზე განხორციელებულ მიზანმიმართულ კიბერშეტევას და გამოთქვამს ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების მზადყოფნას, გააგრძელონ დახმარება საქართველოს კიბერმედეგობის გასაზრდელად, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

 

კიბერსივრცე ყველას მნიშვნელოვან შესაძლებლობებს გვთავაზობს, თუმცა სერიოზულ და მზარდ გამოწვევებსაც გვიქმნის. ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები შეშფოთებული არიან იმ მავნე ქცევის გამო, რაც კიბერსივრცეში უსაფრთხოებასა და სტაბილურობას უგულებელყოფს. მსოფლიოში მზარდი კიბერსაფრთხეების გათვალისწინებით, ამ ახალ რეალობასთან უკეთ გასამკლავებლად ევროკავშირმა ბევრი ინსტრუმენტი შეიმუშავა, რომელიც ჩვენს პარტნიორებსაც მოუტანს სარგებელს“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

 

კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ კიბერშეტევის კონკრეტული აქტორისთვის მიკუთვნება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სუვერენული გადაწყვეტილებაა. მისივე თქმით, ზოგიერთმა სახელმწიფომ ამ საკითხთან დაკავშირებული განცხადება უკვე გააკეთა.

 

ევროკავშირი ეხმარება საქართველოს კიბერუსაფრთხოების გაძლიერებაში. ჩვენი ახალი პროგრამა უსაფრთხოებისა და ეფექტიანი მმართველობის სფეროში (SAFE) ყურადღებას ამახვილებს ჰიბრიდულ და სხვა მზარდ გამოწვევებზე. ამ პროგრამის საშუალებით გვსურს, გავაძლიეროთ საქართველოს კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობები და გავზარდოთ მედეგობა კიბერდანაშაულის და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიმართული თავდასხმების წინააღმდეგ. ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები ამ გლობალურ ბრძოლაში საქართველოს გვერდში უდგანან“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

 

ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელმა, ჟოზეფ ბორელიმ დღეს გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ევროკავშირი გმობს საქართველოზე განხორციელებულ კიბერთავდასხმას და გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, რომ გააძლიეროს კიბერმედეგობა.

 

 

big_banner
არქივი