logo_geo
„შესაძლოა, საფრთხის ქვეშ დადგეს ექსპორტი, სამუშაო ადგილები, სავალუტო შემოდინებები“ – „ჯორჯიან მანგანეზის“ საგანგებო განცხადება შუქრუთში განვითარებულ მოვლენებზე
- +

21 თებერვალი. 2020. 17:34

 

„ის პრობლემატიკა, რომელიც დღეს სოფელ შუქრუთშია, აუცილებლად პოვებს გამოძახილს არა მარტო ჭიათურაში, არამედ ზესტაფონშიც და ვარციხეჰესშიც“, – ამის შესახებ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ საოპერაციო დირექტორმა მერაბ ლომინაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

ლომინაძე გამოეხმაურა ჭიათურაში, სოფელ შუქრუთში განვითარებულ მოვლენებს, სადაც მაღაროს მიმდებარე ტერიტორია ადგილობრივმა მოსახლეობამ თავიანთი საცხოვრებელი სახლების შეკეთება-აღდგენისა და კომპენსაციის მიღების მოთხოვნით გადაკეტა.

 

ლომინაძე აცხადებს, რომ კომპანია მოლაპარაკებების გასამართად კვლავაც მზადაა.

 

„ძალიან ვწუხვარ, რომ დღეს გვიწევს იმ სიტუაციაზე საუბარი, რომელიც სოფელ შუქრუთში განვითარდა. ამასთან დაკავშირებით, პირველ რიგში, ხაზს ვუსვამ იმას, რომ ფორმა, რომელიც დღესაა გამოხატვასთან დაკავშირებით: გადაკეტილი გზები, შეფერხებული საწარმოო პროცესი, ხალხი ქუჩაში, მით უფრო, რომ ეს ზამთრის პერიოდს ემთხვევა, ძალიან მძიმე სიტუაციას ქმნის და ვფიქრობთ, ყველა მხრიდან მყისიერ რეაგირებას საჭიროებს.

 

მოგახსენებთ, რომ უკანასკნელი დღეების განმავლობაში, ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელ კომბინატში საწარმოო პროცესი პარალიზებულია. მოპოვებითი სამუშაოების დაახლოებით 70%-მდე შეჩერებულია. ამასთან დაკავშირებით, ვიღებთ შესაბამის ზომებს, რომ მაქსიმალურად შევარბილოთ ის ეფექტი, რომელიც ამ ყველაფერმა შეიძლება ჩვენს თანამშრომლებზე, მუნიციპალიტეტზე, მათ შორის იმ მოსახლეობაზე გამოიწვიოს, ვინც პროტესტს გამოთქვამს. იმედს ვიტოვებთ, რომ ძალიან მალე ეს ყველაფერი განიმუხტება და ამ სიტუაციიდან ყველა მხარე გამოვალთ“,- განაცხადა მერაბ ლომინაძემ.

 

მისივე თქმით, მოსახლეობასთან მოლაპარაკებები 5 თვის წინ დაიწყო, თუმცა უშედეგოდ დასრულდა.

 

„სამწუხაროდ, რეალურად საქმე გვაქვს იმ მემკვიდრეობასთან, რომელიც არა მარტო ამ კომპანიამ, არამედ ქვეყანამ მივიღეთ წინა, კომუნისტური პერიოდიდან. ის კონკრეტული ზეგანი და კონკრეტულად სოფელი შუქრუთი ყველაზე უფრო აქტიურად დამუშავებული სწორედაც რომ საბჭოთა პერიოდში, 50-იან წლებში იყო. ზოგადად, მოგახსენებთ, რომ საბადო უკვე 100 წელიწადზე მეტია მოქმედებს. ჭიათურის მუნიციპალიტეტში, უმეტესი სოფლები ჩართული იყო სამთო-მოპოვებით სამუშაოებში, რაც მთელ რიგ პრობლემებს იწვევს, მათ შორის – ეროზიულ პროცესებს, მცოცავი ქანების წარმოშობას და სხვა. დღეს უკვე იმ ძველ პრობლემატიკასთან გვიწვევს გამკლავება, რომელთანაც არსებულ კომპანიას პრაქტიკულად კავშირი დიდი ხანია აღარ აქვს.

 

კონკრეტულად სოფელ შუქრუთთან და მის მოსახლეობასთან მოლაპარაკება 5 თვის წინ დაიწყო. ჩართული იყო არაერთი ჯგუფი, არაერთი მხარე, ადმინისტრაციის მხრიდან შეთავაზებული იყო მრავალი წინადადება. ეს ყველაფერი იმის ფონზე მიმდინარეობდა, რომ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზს“ გამომუშავება ამ სოფლის ქვეშ არ უწარმოებია. ამის მიუხედავად, ვგრძნობთ სოციალურ პასუხისმგებლობას, კორპორაციულ ვალდებულებას, რომ მივხედოთ იმ არეალში მცხოვრებ მოსახლეობას, რომელიც ჩვენს ოპერირებაში ხვდება. მოსახლეობას შევთავაზეთ რამდენიმე ვარიანტი – ალტერნატიული საცხოვრებელი ადგილი, კონკრეტული თანხა, კომპენსაცია… ყველა ეს მოლაპარაკება გაიმართა ერთი ეგიდით, რომ ეს მოლაპარაკებები ყოფილიყო სამართლიანი ყველა მხარისთვის, როგორც მოსახლეობისთვის, ისე კომპანიისთვის. ერთი მხრივ, მოსახლეობას, რასაკვირველია, აქვს უფლება იმისა, რომ მოითხოვოს კომპენსაცია და ჩვენ ამ ვალდებულებას არ გავურბივართ. მეორე მხრივ, კომპანიას გააჩნია უფლება და ვალდებულებაც, გაწიოს ოპერირება, დაასაქმოს თანამშრომლები, შესაბამისად, გასცეს ანაზღაურება.

 

მხოლოდ ჭიათურის სამთო გამამდიდრებელ კომბინატში დასაქმებულია 3 800 ადამიანი, ამას გარდა, ჩვენთან დაკავშირებულ კონტრაქტორ საწარმოებში, რომლებიც ჩვენი ლიცენზიის ფარგლებში მოქმედებენ, დამატებით დასაქმებულია 2000 პირი. ჩვენი კომპანია აერთიანებს ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანასაც, სადაც დაახლოებით 1800 ადამიანი მუშაობს, ასევე, ვარციხეჰესი… ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ის პრობლემატიკა, რომელიც შუქრუთშია, აუცილებლად ჰპოვებს გამოძახილს არა მარტო ჭიათურაში, არამედ ზესტაფონშიც, ვარციხეჰესშიც“, - განაცხადა ლომინაძემ.

 

მისივე განმარტებით, მოვლენების ნეგატიურად განვითარების შემთხვევაში, საფრთხის ქვეშ დადგება ექსპორტი, სავალუტო შემოდინებები, სამუშაო ადგილები.

 

„კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ გახლავთ ერთ-ერთი ლიდერი კომპანია ექსპორტის თვალსაზრისით. ფეროშენადნობები ყველაზე დიდი მოცულობით სწორედაც რომ ჩვენ გაგვაქვს ექსპორტზე. ეს დაახლოებით 250 მილიონი დოლარის ფარგლებში მერყეობს. ნეგატიურად განვითარებული მოვლენების შემთხვევაში, ჩვენ საფრთხის ქვეშ ვაყენებთ ექსპორტს, დასაქმებულებს, სამუშაო ადგილებს, იმ სავალუტო შემოდინებებს, რომლებიც ქვეყანაში მოდის“, - განაცხადა ლომინაძემ.

 

მისივე თქმით, არსებობენ კონკრეტული ჯგუფები, რომლებიც მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულებით არიან დაინტერესებული.

 

„არსებობს ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც წინ უძღოდა ამ სიტუაციას. არიან ჯგუფები, რომლებსაც პირადი ინტერესები აქვთ და მოლაპარაკებების ჩიხში შეყვანა სურთ. ისინი იმ მოლაპარაკებას ეწინააღმდეგებიან, რომელიც გონივრული, სამართლიანია… კერძოდ, საუბარი მაქვს იმაზე, რომ უკანასკნელ პერიოდში გახშირებულია უკანონო მიწების რეგისტრაციები არა მხოლოდ შუქრუთის ტერიტორიაზე, არამედ ჭიათურის მუნიციპალიტეტში. ეს ხდება ჩვენი კომპანიისგან თუ ადგილობრივი ხელისუფლებისგან კომპენსაციის მიღების მიზნით… ჩვენ კონკრეტული ინფორმაციის მიღებისთანავე, რამდენიმე თვის წინ მივმართეთ შესაბამის ორგანოებს და დაიწყო გამოძიება. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, გამოძიება თითქმის დასრულებულია და ველოდებით შესაბამის შედეგებს. ვითხოვთ, უკანონობის, კორუფციული გარიგებების აღკვეთას და საწარმოო პროცესის ნორმალურ რეჟიმში დაბრუნებას“, - განაცხადა ლომინაძემ.

 

მისივე თქმით, კომპანია მსგავს შეფერხებებს დიდხანს ვერ გაუძლებს.

 

„არცერთ ეტაპზე, არც პროტესტის და არც მანამდე, კომპანიის ადმინისტრაცია არ აცხადებდა უარს მოლაპარაკებებზე. მიგვაჩნია, რომ მოლაპარაკების რეჟიმი არის ის ერთადერთი ფორმატი, სადაც შესაძლოა, საკითხი ყველა მხარისთვის დადებითად გადაწყდეს. დღესაც მზად ვართ, დაველაპარაკოთ ცალკეულ ჯგუფებს, ცალკეულ პიროვნებებს, გავაცნოთ ის წინადადებები, რომლებიც ჩვენ გვაქვს და მზაობას გამოვხატავთ, მოვისმინოთ მათი წინადადებები, რაც ლოგიკასა და სამართლიანობაზე იქნება დაფუძნებული.

 

მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ დღეს არსებული მსოფლიო საბაზრო კონიუნქტურა ჩვენს დარგში, ჩვენი მიმართულებით საკმაოდ რთული გახლავთ და არ გაგვაჩნია ის რესურსი, რომ დიდხანს გაუძლოს კომპანიამ მსგავს შეფერხებებს, ამიტომ ვთხოვთ ყველა მხარეს, ყველა შესაბამისი კომპეტენციის პირსა თუ ორგანოს, რომ მოხდეს პროცესში მაქსიმალურად ჩართულობა და პროცესის განმუხტვა, დადებითად გადაწყვეტა“, – განაცხადა ლომინაძემ.

 

 

big_banner
არქივი