logo_geo
ამბავი რომელმაც, მთელი საქართველო აალაპარაკა - კაცმა თბილისში 3 წლის ბავშვი გადაარჩინა, რომელიც წლების შემდეგ მისი სიძე გახდა
- +

26 თებერვალი. 2020. 22:28

 

 

სიმართლე რომ გითხრათ, ბევრი ვიფიქრე, მაგრამ ვერ ჩამოვყალიბდი, ამბავს, რომელსაც „პრაიმტაიმი“ მოგიყვებათ, რომელი გამონათქვამი უფრო შეეფერება: „მადლი ჰქენი, ქვაზე დადე, გაიარე, წინ დაგხვდება“, თუ „სამყარო ძალიან პატარაა“, ან იქნებ „მე ჩემი ვეცადე და ბედის მწერალმა თავისი ქნაო“.

 

ფაქტი კი ის გახლავთ, რომ ამბავი, რომელსაც მხატვარი მაიკო მარხვაშვილი „პრაიმტაიმს“ მოუყვა, მართლაც იშვიათ და საოცარ შემთხვევებს მიეკუთვნება.

 

 

„მე და თამაზი ჯგუფელები ვიყავით, საერთო მეგობრებიც გვყავდა. ერთად დავდიოდით ექსკურსიებზე, დაბადების დღეებზე. მის სახლში მისვლა გვიხაროდა, რადგან სტუმართმოყვარე მშობლები ჰყავდა – ვახტანგი და სვეტლანა. განსაკუთრებით მიყვარდა სლავური წარმოშობის  სვეტა – ქერა, ცისფერთვალება, მხიარული ქალბატონი. გემრიელი სადილებით გვიმასპინძლდებოდა, გულღიად გვხვდებოდა. მას მარჯვენა ფეხზე ყოველთვის ელასტიკური ბინტი ჰქონდა შემოხვეული და ხელჯოხით დადიოდა.

 

დროთა განმავლობაში ჩემი და თამაზის მეგობრობა  სიყვარულში გადაიზარდა. ალალი, შრომის მოყვარე ბიჭი იყო. ოჯახებიც ერთმანეთს იცნობდნენ. ამიტომ ბევრი აღარ გვიფიქრია და დაოჯახება გადავწყვიტეთ.

 

60-იან წლებში ჩემი ოჯახი გოთუას ქუჩაზე ცხოვრობდა. მამა იქვე, ბაქტერიოფაგში მუშაობდა.

 

ალბათ ბევრ თბილისელს ახსოვს, დიდუბიდან (ახლანდელი ელიავას ბაზრობის ) საბურთალოზე საბაგირო გზა გადადიოდა. 1967 წელს რატომღაც ბაგირი ჩაწყდა და ვაგონი ბაქტერიოფაგის ეზოში, ჭაობში ჩავარდა. გამოცვივდა ხალხი, გადარჩენილებს ეხმარებოდნენ სამშვიდობოზე გამოყვანაში. მამაჩემი ხშირად იხსენებდა ამ ამბავს და იტყოდა ხოლმე, – ერთი ბავშვიანი რუსი ქალი გამოვიყვანეთ ტალახიანი გუბიდან, ქალი უგრძნობლად იყო, ბავშვი კი ტიროდა და ნეტავ, თუ გადარჩნენო…

 

ჩვენი ნიშნობა სოფელში შედგა. თამაზი თავისი მშობლებით და რამდენიმე ნათესავით გვესტუმრა.

 

ოჯახებმა უფრო ახლოს გაიცნეს ერთმანეთი. მამაჩემმა ჩემს სადედამთილოს ჰკითხა, – ქალბატონო სვეტა, ფეხზე რ დაგემართათ, შეხვეული რატომ გაქვთო?

 

– ეჰ, 20 წელია, ასე დავდივარ, ისეთი ტრავმა მაქვს გადატანილი, მიკვირს, ცოცხალი როგორ ვარო.

 

მამამ ბოდიშის მოხდით სთხოვა, მოეყოლა, რა ტრავმა ჰქონდა გადატანილი.

 

– ნუ გამახსენებთ, იმ საშინელებას, იმ დღეს მე და ჩემი შვილი საბურთალოზე გადავდიოდით საბაგირო გზით – 1967 წდლი იყო, 3 წლის ბავშვი ხელში მყავდა აყვანილი. ეტყობა გული ცუდს მიგრძნობდა. უცებ ვაგონმა რყევა და აქეთ-იქით ქანაობა დაიწყო. მგზავრები პანიკაში ჩაცვივდნენ, ყვიროდნენ, დახმარებას ითხოვდნენ. შეშინებულია ბავშვი გულში მაგრად ჩავიკარი. მისი ტირილი და ხალხის განწირული ღრიალი ახლაც ყურში მესმის. ეს კოშმარი რამდენიმე წუთს გაგრძელდა. შემდეგ გონება დავკარგე, აღარაფერი მახსოვდა. საბოლოოდ, ორივე გადავრჩით და ხომ ხედავთ, ორივე ცოცხლები ვართო, – გაიღიმა ცრემლმორეულმა.

 

მამაჩემი გამშრალი, გაფართოებული თვალებით უყურებდა, მერე დედა-შვილს გადაეხვია, ღმერთო, რას მოვესწარიო, იძახდა, – 20 წლის წინ ბიჭი გადავარჩინე და ახლა ჩემი სიძეაო“.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი